NATO

ჰეგსეთი NATO-ს ერთგულებას ადასტურებს, თუმცა ქვეყნებს თავდაცვაზე ხარჯების ზრდას მოუწოდებს

პიტ ჰეგსეთი
Allison Robbert / AFP - Getty Images

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ალიანსისადმი ვაშინგტონის ერთგულებასა და პრეტენზიებზე ისაუბრა.

ჰეგსეთის თქმით, NATO-ს ერთგულები რჩებიან, თუმცა თუ მისი წევრი ქვეყნები საკუთარ თავდაცვაზე არ იზრუნებენ, ამერიკას მათ ადგილზე ყოფნა მოუწევს, რაც, მისივე აზრით, ფიზიკურად შეუძლებელია.

"ჩვენ ძალიან ერთგული ვართ NATO-ს ალიანსისა და ჩვენი მოკავშირეების მიმართ, მაგრამ ტვირთის განაწილების გარეშე, ევროპული ქვეყნების მიერ [თავდაცვაში] ინვესტირების სწორი ინიციატივის შექმნის გარეშე, ჩვენ იძულებული ვიქნებით ვიყოთ ყველგან, ყველას ნაცვლად და ყოველთვის, რაც ფიზიკური შეზღუდვების მქონე მსოფლიოში არ არის რეალური." - თქვა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა.

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა NATO-ს მოკავშირეებს თავდაცვის ხარჯების ზრდისკენ მოუწოდა. აღნიშნა, რომ ამერიკული ჯარი მათ გვერდზე იქნება, თუმცა არ უნდა ჰქონდეთ შეგრძნება, რომ ვაშინგტონი მათი უსაფრთხოების მუდმივი გარანტი იქნება.

"მეტი უნდა დახარჯოთ, თქვენი თავდაცვისთვის, თქვენი ქვეყნისთვის, თქვენი კონტინენტისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკული ჯარი, ამერიკელი ხალხი თქვენს გვერდით დგას, როგორც NATO-ში. თუმცა არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ ვიქნებით მუდმივი გარანტორები." - თქვა ჰეგსეთმა.

ჰეგსეთმა ხაზი გაუსვა ავტოკრატიული რეჟიმების საფრთხესაც და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებს მოუწოდა, რომ არსებული რეალობის წინაშე გამოფხიზლდნენ, თორემ აშშ-ს "პასუხისმგებლობის გადალოცვა" მოუწევს "ცუდი ღირებულებების" მქონეებისთვის.

"მსოფლიოში არიან ამბიციური ავტოკრატები, რუსეთიდან კომუნისტურ ჩინეთამდე. დასავლეთი ან ამ რეალობის წინაშე გამოფხიზლდება და შექმნის საბრძოლო მულტიპლიკატორებს საკუთარ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, NATO-ს ჩათვლით, ან ჩვენ ამ პასუხისმგებლობას გადავულოცავთ სხვას, ყველა ცუდი ღირებულებებით." - თქვა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა.

"ჩვენ არანაირად გვითქვამს, რომ ევროპაში ჩვენს მოკავშირეების მიტოვებას ვაპირებთ." - აღნიშნა პენტაგონის მეთაურმა. მისივე თქმით, "მედიაში ბოროტი განზრახვების მქონეებს", სურთ, რომ NATO-ს მოკავშირეებს შორის განხეთქილება გააჩინონ. მან ისაუბრა ჩინეთიდან მომავალ საფრთხეებზეც. აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თქმით, აშშ-ს ესმის NATO-ს მნიშვნელობა, თუმცა, აშშ-სადმი არსებული გამოწვევების ფონზე, ალიანსის მოკავშირეებმა თავდაცვის ბიუჯეტზე მეტი უნდა დახარჯონ.

"ჩვენ NATO-ს ალიანსის ერთგული ვართ, ამ პარტნიორობის მნიშვნელობა გვესმის, მაგრამ სტატუს-კვოს ვერ გავუძლებთ სამუდამოდ, ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევებისა და ფიზიკური რეალობების გათვალისწინებით. ევროპამ უნდა დახარჯოს მეტი, NATO-მ უნდა დახარჯოს მეტი, ჩადოს მეტი ფული [თავდაცვაში]." - თქვა ჰეგსეთმა.

 

კომენტარები