რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინაში ომის დასრულების ტრამპის გეგმამ ახალი რუსული აგრესიაც უნდა აღკვეთოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთ-უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევაზე დონალდ ტრამპის გეგმამ არა მხოლოდ ომი უნდა დაამთავროს, არამედ ნებისმიერი მომავალი რუსული აგრესიაც უნდა აღკვეთოს.

ბრიტანულ ITV-სთან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას არ სურს იმ სამშვიდობო შეთანხმებებისა და მოლაპარაკებების გამოცდილების გამეორება, რომელმაც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე შედეგები ვერ გამოიღო. მისი თქმით, ეს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას ნიშნავს.

"გაყინულ კონფლიქტს მოჰყვება აგრესია ისევ და ისევ. მერე ვინ მოიგებს პრიზებს და იქნება დამახსოვრებული ისტორიაში გამარჯვებულად? არავინ. სრული მარცხი იქნება ყველასთვის, ორივე ჩვენგანისთვის, როგორც ეს მნიშვნელოვანია, და ტრამპისთვის". - თქვა მან.

ზელენსკის თქმით, ტრამპმა "არა მხოლოდ ომი უნდა დაამთავროს. მას ესაჭიროება, იმოქმედოს ისე, რომ პუტინს ჩვენს წინააღმდეგ ომის წარმოების შანსი აღარ ჰქონდეს. ესაა მთავარი საკითხი და ყველამ უნდა აღიაროს ეს. ეს იქნება გამარჯვება".

ზელენსკიმ კვლავ გაიმეორა, რომ იგი მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებები გამართოს, თუკი პროცესში დასავლელი მოკავშირეები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი, იქნებიან ჩართული, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინს ომის დამთავრება არ უნდა: "შეუძლებელია, მას ნახევარ-ნაბიჯებით მივუახლოვდეთ".

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ მომდევნო კვირის მანძილზე განიხილავს, თუ როგორ უნდა დასრულდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, თუმცა დაამატა, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე პასუხისმგებელი ევროპა უნდა იყოს.

უოლცის თქმით, ამ კვირაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მინისტრი, ვიცეპრეზიდენტი და აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ევროპაში განიხილავენ დეტალებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი.

მანამდე, 4 თებერვალს, ტრამპმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაცია სურს, უკრაინამ და აშშ-მ შეთანხმებას მიაღწიონ, რომლითაც უკრაინა აშშ-ს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ იშვიათ წიაღისეულს გადასცემს.

"ჩვენ გვსურს უკრაინასთან შეთანხმების მიღწევა, რომლითაც ისინი შეინარჩუნებენ, რასაც ჩვენ ვაძლევთ იშვიათი წიაღისეულისა და სხვა რაღაცების სანაცვლოდ. ჩვენ გვსურს გარანტია. ჩვენ მათ ფულს ძალიან სწრაფად ვაძლევთ". - თქვა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას. 

როგორც გამოცემა Bloomberg წერს, უკრაინას იშვიათი წიაღისეულის რაიმე მნიშვნელოვანი რეზერვები არ გააჩნია, თუმცა ქვეყანას ნამდვილად აქვს ურანისა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების, მათ შორის, ტიტანის, ლითიუმისა და გრაფიტის რეზერვები. კიევის გამოთვლებით, მათი ღირებულება ტრილიონობით დოლარსაც კი შეიძლება შეადგენდეს. 

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დასავლელი მოკავშირეებისთვის სამხედრო დახმარების სანაცვლოდ აქამდეც შეუთავაზებია ბუნებრივი რესურსები. მეტიც, ეს შეთავაზება ზელენსკის "გამარჯვების გეგმის" ნაწილიცაა, რომელიც გასულ წელს დასავლელ ლიდერებს, მათ შორის, ტრამპსაც წარედგინა. 

კომენტარები