ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ნეთანიაჰუ: ჩვენ გავანადგურებთ ჰამასს და დავიბრუნებთ ყველა მძევალს

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, 27 სექტემბერი, 2024
Mike Segar/Reuters

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ისრაელის ხელისუფლება პალესტინურ ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასს გაანადგურებს და ტერორისტების მიერ მძევლად აყვანილ ყოველ ისრაელელს ქვეყანაში დააბრუნებს

ნეთანიაჰუს განცხადება უკავშირდება დღეს, 8 თებერვალს ჰამასსა და ისრაელს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, მძევლების გაცვლის მეხუთე რაუნდის ფარგლებში გათავისუფლებული სამი ისრაელელი მძევლის მდგომარეობას. ელი შარაბი, ოჰად ბენ ამი და ორ ლევი, რომლებიც ჰამასის ტყვეობაში 491 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, შესამჩნევად დასუსტებულები არიან, რაც მიუთითებს, რომ ტყვეობაში მათ ტერორისტები, სავარაუდოდ, აშიმშილებდნენ და არასათანადოდ ეპყრობოდნენ. 

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, თუ რას წარმოადგენენ ჰამასის მონსტრები. ისინი იგივე მონსტრები არიან, რომლებმაც დახოცეს ჩვენი მოქალაქეები და იძალადეს [ისრაელელ] მძევლებზე". - თქვა ნეთანიაჰუმ. 

პრემიერმინისტრმა დაამატა, რომ ისრაელის მთავრობა ყველაფერს იზამს, რათა ყოველი დარჩენილი მძევალი სახლში დაბრუნდეს. ამასთან, მან ისრაელის მხარის მოლაპარაკებების გუნდს დაავალა, რომ ტერორისტებს მძევლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოსთხოვოს. 

"თუმცა, ამას გარდა, პრეზიდენტი ტრამპი მე სრულად დამეთანხმა: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყოველი მძევალი დავიბრუნოთ, თუმცა ჰამასი იქ აღარ იქნება. ჩვენ გავანადგურებთ ჰამასს და დავიბრუნებთ ყველა ჩვენს მძევალს". - დასძინა ნეთანიაჰუმ. 

ჰამას-ისრაელის შეთანხმების ფარგლებში ჰამასმა ამ დროისთვის 21 მძევალი გადასცა ისრაელს, მათ შორის, 16 ისრაელელი, ხოლო 5 - ტაილანდელი. სანაცვლოდ, ისრაელმა 700-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. 

ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შეთანხმება 19 იანვარს ამოქმედდა. აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა 15 იანვარს მიაღწიეს.

შეთანხმება სამ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ჰამასი 33 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, მათ შორის, ქალებს (სამხედრო და სამოქალაქო პირებს), ბავშვებს და 50 წელს გადაცილებულ კაცებს. ისრაელი კი პირველი ფაზის ბოლომდე ციხეებში დაკავებულ პალესტინელ ქალებსა და 19 წლამდე პირებს გაათავისუფლებს. 

კომენტარები