რუსული რეჟიმი

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს ეს ზომები – კალასი და კოსი კანონში ცვლილებებზე

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მართა კოსი
europarl.europa.eu / gov.si

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მართა კოსი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც წერია, რომ მმართველი პარტია დემოკრატიულ სტანდარტებს "უფრო მეტად შორდება". 

კალასი და კოსი განცხადებაში მმართველი პარტიის მხრიდან კანონში შეტანილ ცვლილებებს გმობენ და ხელისუფლებას ამ ზომების შეჩერებისკენ და სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად ეუთო/ოდირის დასკვნისთვის დალოდებისკენ მოუწოდებენ. 

ავტორები ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, რომ დაძაბულობის ზრდისგან თავი შეიკავონ. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კანონში ცვლილებები დემოკრატიული განვითარების "სერიოზულ უკუსვლას ასახავს" და EU-ს კანდიდატი ქვეყნის მიმართ არსებულ მოლოდინებს არ შეესაბამება.

გარდა ამისა, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მმართველი პარტია დაშინებასა და ძალადობას იყენებს და მშვიდობიანი მომიტინგეები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერები სამიზნეში ჰყავს ამოღებული. კალასი და კოსი წერენ, რომ "მზია ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა" და მზია ამაღლობელის საქმე აჩვენებს, თუ როგორ ქართული ოცნება მათ, ვინც თავის აზრს თავისუფლად გამოხატავს. მათივე თქმით, ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ. 

განცხადებაში კალასი და კოსი ქართულ ოცნებას უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და აქტივისტების გათავისუფლებისკენ და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის რეკომენდაციების "სასწრაფოდ" შესრულებისკენ მოუწოდებენ. მათივე თქმით, მმართველმა პარტიამ საზოგადოების ნდობის აღსადგენად ქმედების არცერთი ვარიანტი არ უნდა გამორიცხოს.

გავხდით მოწმენი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ სტანდარტებს უფრო მეტად შორდება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებების დაჩქარებული მიღება საქართველოს საზოგადოებაზე სერიოზული ზეგავლენა ექნება. ეს ცვლილებები არსებითად გამოუთხრის ძირს გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების უფლებებს, ისევე როგორც მედიის თავისუფლებას.

ეს მოვლენები საქართველოს დემოკრატიული განვითარების სერიოზულ უკუსვლას ასახავს და არ ამართლებს არცერთ მოლოდინს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმართ.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს ეს ზომები, თავი შეიკავოს დაძაბულობის შემდგომი გაზრდისგან და დაელოდოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE / ODIHR) დასკვნას, სახალხო დამცველის მოთხოვნის შესაბამისად.

საქართველოს ხელისუფლებამ განსხვავებული აზრის ჩასახშობად დაშინების ტაქტიკასა და ძალადობას მიმართა. მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თავიანთი ფუნდამენტური უფლებების გამოყენების გამო დევნის სამიზნე გახდნენ. დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმე კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება ჟურნალისტებს და ყველას, ვინც აზრს თავისუფლად გამოხატავს. ამჟამად მოშიმშილე მზია ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა. ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ნდობისა და დიალოგის აღსადგენად არც ერთი ვარიანტი არ უნდა გამოირიცხოს. ბოლო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშის რეკომენდაციები სასწრაფოდ უნდა შესრულდეს. ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას.

კომენტარები