ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ლომჯარია ქალ აქტივისტებს: პოლიციელებს არ აქვთ უფლება, რომ გაშიშვლება დაგავალონ

სამოქალაქო აქტივისტი

რამდენიმე ქალი, რომლებიც საპროტესტო აქციებზე დააკავეს, ან მათ სახლში ჩხრეკა განხორციელდა, ყვება, რომ პოლიციამ "შესამოწმებლად" სრულად გაშიშვლება მოთხოვა, რამაც მათ ღირსება შეულახა. 

"12 იანვარს რესტორან ბაბილოსთან ვიყავი, აი, მოსამართლეების ცნობილი ზეიმის გასაპროტესტებლად და იქ დამიჭირეს მე. [...] შემდეგ გადამიყვანეს დიღმის მე-3 იზოლატორში. [...] ცალკე ოთახია, სადაც ისედაც შედიხარ და სადაც თავიდან, ჯერ კაც პოლიციელებთან ერთად იკითხები, გიღებენ ფოტოებს, იღებენ შენს ანაბეჭდს. შემდეგ გავიდა ეს კაცი პოლიციელი ოთახიდან, დარჩა მხოლოდ ქალი პოლიციელი და ექიმი, რომლებიც გთხოვენ, რომ მათი თანდასწრებით გაიხადო სრულიად და შემდეგ ხდება ტანსაცმლის დეტალური შემოწმება. [...] მიზეზი არის ის, რომ ეს არის პროცედურა, ეს არის წესი, რომ თითქოს, სრულიად შეგამოწმონ, შიგნით რამე არ შეიტანო." - უყვება ერთ-ერთი ქალი მთავარს.

ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, გაეროსა და ევსროსაბჭოს სტანდარტებით, ქალის გაშიშვლება აკრძალულია.

"გაეროს და ევროსაბჭოს სტანდარტებით, სხეულის სრული გაშიშვლება და სხვადასხვა მოქმედებების დავალების შესრულება ქალის მიმართ განსაკუთრებით უტოლდება ღირსების შემლახავ მოპყრობას და არის აკრძალული. მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ეჭვები ან დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ შეიძლება ადამიანს სხეულში რამე აკრძალული ნივთი ჰქონდეს. [...] უთხარით უარი მსგავს პრაქტიკაზე იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ უფლება, რომ არ დაემორჩილოთ ამ მოთხოვნას და მათ არ აქვთ უფლება, რომ დაგავალონ, გაშიშვლდეთ მთლიანად და ჩაატაროთ სხვადასხვა მოქმედებები." - ამბობს ლომჯარია. 

ლომჯარიამ სოციალურ ქსელში ამ თემაზე პოსტიც გამოაქვეყნა:

"უკვე არაერთმა ქალმა დაწერა, რომ დაკავების და ჩხრეკის დროს სრულად აშიშვლებენ და ბუქნების კეთებას აიძულებენ. სახალხო დამცველის ანგარიშებში ამაზე ვწერდით მეც და ჩემი წინამორბედიც, რადგან პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა ეს უკანონობა გამოავლინა. და რა გააკეთა სისტემამ? ქალთა კოლონიაში ქალი პატიმრები ააჯანყა სახალხო დამცველის წინააღმდეგ, თითქოსდა სიცრუეს ვავრცელებდით. 

მესმის, რომ ქალებისთვის ძალიან რთულია ამ ფაქტებზე საჯაროდ საუბარი, მათი ოჯახის წევრებიც ისმენენ და ძალიან მტკივნეულია. ხშირად მსხვერპლებს ამ გამოცდილების დავიწყება ურჩევნიათ. მათ მდგომარეობაში უნდა შევიდეთ. მაგრამ, ქალებო, იცოდეთ, რომ არავის აქვს უფლება გაგაშიშვლონ, ბუქნები გაკეთებინონ, ეს უტოლდება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას და აკრძალულია.

მოითხოვეთ სპეციალური დეტექტორით შეგამოწმონ და აუცილებლად მოგვაწოდეთ ამ ფაქტებზე ინფორმაცია უფლებადაცვით ორგანიზაციებს. ჩვენ დავიცავთ თქვენ კონფიდენციალურობას!"- წერს ლომჯარია. 

ჯგუფ დაიტოვეს ერთ-ერთი ადმინი, ნენსი ვოლანდი გუშინ Facebook-პოსტში ბინის ჩხრეკისას განვითარებული მოვლენები გაიხსენა, მათ შორის, სრულად გაშიშვლების ეპიზოდი. 

"პირველ რიგში, ჩემს სახლში შემოვიდა ორი ქალი პოლიციელი, ვინც პირადი ჩხრეკა ჩაატარა და ეს იყო პირველი ფსიქოლოგიური ძალადობა ჩემზე როცა მითხრეს რომ ტანსაცმელი სრულიად უნდა გავიხადო. კი ექიმთან ვარ ნამყოფი, მაგრამ სისტემის უსამართლობა როცა გაშიშვლებს, ბევრად უხერხულია და უსამართლობისგან ყველაფერი გეწვის." - წერს ნენსი.

კომენტარები