აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ბრძანებას ტრამპმა ხელი რამდენიმე საათის წინ მოაწერა.
ტრამპის ადმინისტრაცია ICC-ს აშშ-სა და მისი მოკავშირის, ისრაელის წინააღმდეგ არალეგიტიმური და უსაფუძვლო ქმედებებში ადანაშაულებს.
სანქციების მიხედვით, ფინანსურ და ვიზის შეზღუდვებს უწესებს იმ პირებს და მათ ოჯახებს, ვინც აშშ-ს მოქალაქეებისა და მისი მოკავშირეების გამოძიებაში დაეხმარა სასამართლოს.
10 იანვარს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანთის დაპატიმრების ორდერების გაცემის გამო, სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ნებისმიერი უცხოელი პირისთვის, ვინც იძიებს, აპატიმრებს, აკავებს ან ბრალს სდებს აშშ-ს ან მოკავშირე ქვეყნის, მათ შორის ისრაელის, მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ამ სასამართლოს წევრები.
21 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ღაზაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და ომის დანაშაულების ბრალდებით, ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანთის დაკავების ორდერი გასცა.
"სასამართლოს კოლეგიამ მიიჩნია, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ორივე პირმა განზრახ და შეგნებულად წაართვა ღაზაში მცხოვრებ მშვიდობიან პირებს მათი გადარჩენისთვის აუცილებელი წყაროები, მათ შორის, საკვები, წყალი, მედიკამენტები და სამედიცინო მარაგები. ასევე, საწვავი და ელექტროენერგია". - წერს კოლეგია ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებაში.
ასევე, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით სასამართლომ ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერიც გამოსცა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დეიფი ივლისში საჰაერო დარტყმების შედეგად მოკლეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ბაიდენის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის თქმით, აშშ ICC-ის მხრიდან დაკავების ორდერის გაცემის გადაწყვეტილებას "ფუნდამენტურად უარყოფს".
"აშშ ფუნდამენტურად უარყოფს სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ პროკურატურის მიერ დაკავების ორდერის მოთხოვნით და პროცესის შემაშფოთებელი შეცდომებით, რამაც გამოიწვია ეს გადაწყვეტილება" - თქვა სპიკერმა. მისივე თქმით, აშშ მომდევნო ნაბიჯების თავის პარტნიორებთან ერთად განიხილავს.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ ისრაელის პრემიერმინისტრისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავების ორდენის გაცემას.
ბაიდენი გადაწყვეტილებას "აღმაშფოთებელს" უწოდებს და ამბობს, რომ აშშ ყოველთვის იდგება ისრაელის გვერდით.
"ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ისრაელის ლიდერების დაკავების ორდერის გაცემა აღმაშფოთებელია. მინდა კიდევ ერთხელ გარკვევით ვთქვა: რა მინიშნებაც არ უნდა გააკეთოს ICC-მ, არანაირი ტოლობა არ არსებობს ისრაელსა და ჰამასს შორის" – წერია ბაიდენის განცხადებაში.





