თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა 5 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, რომლის მიხედვითაც აშშ ღაზის სექტორს "დაეუფლება" და "ეკონომიკურად განავითარებს".
ლივიტის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს, ღაზაში რეკონსტრუქციისთვის საჭირო ხარჯების დაფარვას. მან ასევე დაამატა, რომ ტრამპს არანაირი ვალდებულება არ აუღია ღაზაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით.
"უარვყოფდი თქვენი კითხვის წანამძღვრებს, რომ ეს [ტრამპის გეგმა] აშშ-ს აიძულებს, საზღვარგარეთ კონფლიქტებში გაეხვიოს. პრეზიდენტს არ აუღია ვალდებულება ღაზაში სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით. მან ასევე თქვა, რომ აშშ არ გადაიხდის ღაზის რეკონსტრუქციის ხარჯებს. მისი ადმინისტრაცია რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან ერთად იმუშავებს, რათა რეგიონის აღდგენა მოხდეს". - თქვა ლივიტმა.
4 თებერვალს დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორს "დაეუფლება" და მის ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს.
"ჩვენ დავეუფლებით [ღაზის სექტორს] და საქმესაც გავაკეთებთ. ჩვენს მფლობელობაში იქნება და პასუხისმგებლები ვიქნებით ყველა სახიფათო აუფეთქებელი ბომბისა და ადგილზე სხვა საბრძოლო მასალის განიარაღებაზე". - თქვა მან.
"ამ ნაწილს ჩვენ დავიკავებთ, განვავითარებთ და ათასობით სამუშაო ადგილს შევქმნით, და ეს იქნება ის, რითაც ახლო აღმოსავლეთი შეძლებს, ამაყი იყოს". - დაამატა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მეზობლად მდებარე ქვეყნებში უნდა აშენდეს სივრცეები, სადაც 1.8 მილიონამდე პალესტინელი შეძლებს ცხოვრებას, ხოლო ამ გეგმის დაფინანსება მეზობლად მდებარე მდიდარი ქვეყნების მიერ შეიძლება მოხდეს.
მანამდე, 25 იანვარს, აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ იორდანიამ და ეგვიპტემ ღაზის სექტორიდან მეტი პალესტინელი ლტოლვილი უნდა მიიღოს და დაამატა, რომ გადასახლება "შეიძლება იყოს დროებითი ან გრძელვადიანი". მისი თქმით, "რაღაც უნდა მოხდეს, რადგან ღაზის სექტორი თითქმის მთლიანად განადგურებულია". თუმცა, არაბულმა ქვეყნებმა მისი წინადადება უარყვეს.
-
ტრამპმა იორდანიასა და ეგვიპტეს ღაზის სექტორიდან მეტი ლტოლვილის მიღებისკენ მოუწოდა
-
არაბულმა ქვეყნებმა უარყვეს იდეა პალესტინელთა ეგვიპტესა და იორდანიაში გადასახლებაზე
ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ისრაელის პრემიერმა თქვა, რომ ტრამპს ღაზის საკითხი უფრო მაღალ დონეზე აჰყავს:
"ის [ტრამპი] განსხვავებულ მომავალს ხედავს ამ მიწისთვის, რომელიც ამდენი ტერორიზმის, ჩვენს წინააღმდეგ ამდენი თავდასხმის კერა იყო, ამდენი გამოცდისა და ტანჯვის კერა. მას განსხვავებული იდეა აქვს და ვფიქრობ, ამისთვის ყურადღების მიქცევა ღირს. ჩვენ ამის შესახებ ვსაუბრობთ, ის თავის ხალხთან ერთად განიხილავს. ვფიქრობ, ამას ისტორიის შეცვლა შეუძლია და ღირს, ამ გზას მივყვეთ". - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
თავის მხრივ, ტრამპის მხრიდან ღაზის სამომავლო გეგმებზე საუბრის შემდეგ, საუდის არაბეთმა გაიმეორა, რომ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზაცია არ მოხდება, თუ ორი სახელმწიფოს პრინციპის ფარგლებში პალესტინური სახელმწიფო არ შეიქმნება.
მანამდე, ტრამპი ამბობდა, რომ საუდის არაბეთისთვის პალესტინური სახელმწიფოს შექმნა ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევ წინაპირობას არ წარმოადგენდა.
ამას გარდა, ტრამპის გეგმა დაგმო ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამაც და განცხადებას "რასისტული" უწოდა. ჰამასის თქმით, ეს მცდელობაა, "აღმოიფხვრას პალესტინელთა საკითხი პალესტინელთა ეროვნული ინტერესების გათვალისწინების გარეშე".
ტრამპის მხრიდან ღაზის შესახებ მოულოდნელად გამოცხადებულ გეგმას გამოხმაურებები მსოფლიო მასშტაბით მოჰყვა და მის განცხადებას მოწინააღმდეგეები, მათ შორის, აშშ-ს მოკავშირე სახელმწიფოებს შორისაც ჰყავდა:
რა გამოხმაურებები მოჰყვა ტრამპის განცხადებას, რომ აშშ ღაზას "დაეუფლება"?