საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული თემურ ქათამაძის შესახებ განცხადებას აქვეყნებს და შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტისა და დროებითი განთავსების ცენტრისგან სამედიცინო დოკუმენტების გადაცემას, დაკავებულის ჯანმრთელობის მუდმივ მონიტორინგს და მკურნალობას ითხოვს.
"თემურ ქათამაძეს, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს და საქმიანობს, ქვეყნიდან გაძევება ემუქრება. იგი შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული და მე-18 დღეა შიმშილობს.
ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რამდენად ჯეროვნად ხორციელდება სრულ შიმშილობაზე მყოფი დაკავებულის მოვლა და მიმდინარეობს თუ არა მისი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი შესაბამისი სპეციალისტების მიერ სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით. თემურ ქათამაძის სამედიცინო დოკუმენტების შესაბამისი უწყებიდან გამოთხოვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და შეფასების მოთხოვნით საიას ადვოკატმა უკვე მიმართა სახალხო დამცველის აპარატს." - წერს საია.
საია-ს ცნობით, მიმართვისა და მოთხოვნის მიუხედავად, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრიდან მოშიმშილე/ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი შიმშილობის მართვის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.
ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვს ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა.