ტრამპის ტარიფები

კანადა აშშ-ს საპასუხო 25%-იან ტარიფებს უწესებს

დონალდ ტრამპი და ჯასტინ ტრუდო

1 თებერვალს, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კანადას 25%-იანი ტარიფები დაუწესა, კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ თქვა, რომ კანადა საპასუხო ტარიფების დაწესებას აპირებს.

ტრუდომ აღნიშნა, რომ ტარიფები შეეხება 155 მილიარდი კანადური დოლარის(107 მილიარდი აშშ დოლარის) ღირებულების პროდუქტებსა და სერვისებს. აქედან 30 მილიარდი კანადური დოლარის ოდენობის პროდუქტზე ტარიფები სამშაბათს, 4 თებერვალს ამოქმედდება. იმავე დღეს შედის ძალაში დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები. ხოლო დანარჩენ ამერიკულ იმპორტს კანადა 21 დღეში დაუწესებს ტარიფებს.

ტრუდოს თქმით, ტარიფები შეეხება ამერიკულ ლუდს, ბურბონსა და ღვინოს, ასევე, ხილსა და ხილის წვენებს. გარდა ამისა, კანადა ტარიფებს დააწესებს ტანსაცმელზე, სპორტულ აღჭურვილობასა და საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებზე.

„კანადის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები თქვენს სამუშაო ადგილებს საფრთხეს შეუქმნის და შესაძლოა ამერიკული საავტომობილო ასამბლეის ქარხნები და სხვა საწარმოები დახუროს. ტარიფები გაზრდის თქვენს ხარჯებს, მათ შორის სასურსათო მაღაზიებში საკვების და ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასს“ – ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის მოქალაქეებს ჯასტინ ტრუდომ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას.

ტრუდომ კანადელებს მოუწოდა, კანადაში წარმოებული პროდუქტები შეიძინონ და აშშ-ში გამგზავრების ნაცვლად, საკუთარ ქვეყანაში დაისვენონ.

კომენტარები