უკრაინის კონტრდაზვერვამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიევში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ქალი დააკავა.
უწყებების ერთობლივი განცხადების მიხედვით, ლვოვის მაცხოვრებელი ქალი, რუსეთის დავალებით ტერაქტს გეგმავდა:
"გამოძიების მონაცემების მიხედვით, 2024 წლის დეკემბერში, სატელეფონო აპლიკაციის მეშვეობით, ეჭვმიტანილი კონტაქტზე გავიდა რუსულ სპეცსამსახურების წარმომადგენელთან. ის მტერთან თანამშრომლობას დათანხმდა. მისი დავალება იყო მოეწყო ტერაქტი, რომელსაც უსაფრთხოების თანამშრომლების სიცოცხლე შეეწირებოდა".
ანგარიშის მიხედვით, ეჭვმიტანილმა უსაფრთხოების სამსახურის შენობის მოპირდაპირე მხარეს ბინა იქირავა და იქ დისტანციური მართვის ვიდეოკამერები დააყენა. ქალმა ბინაში ასევე მიიტანა 7 კილოგრამი ტროტილი და დეტონატორები.

ამ რაოდენობის ტროტილი შენობისთვის სერიოზული დაზიანების მიყენებისთვის და არაერთი ადამიანის მოკვლისთვის საკმარისია.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, ეჭვმიტანილი 22 წლის ნარკოდამოკიდებული ქალია ლვოვიდან, რომელიც Telegram არხებში სწრაფად ფულის შოვნის გზებს ეძებდა. ოკუპანტების მითითებით, ახალგაზრდა ქალი კიევში ჩავიდა, სადაც რუსმა კურატორმა მისთვის ქალაქის ცენტრში ბინა იქირავა.
ბინაში შესახლების შემდეგ, ჯაშუშმა ვიდეოკამერები შეიძინა და აივანზე დაამონტაჟა, რაც ოკუპანტებს დისტანციურ რეჟიმში СБУ-ს შენობისთვის თვალთვალის საშუალებას აძლევდა.





