თბილისის საქალაქო სასამართლოში ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავა ბიძინა ივანიშვილის "სადამსჯელო ოპერაციაა" რითაც ის ბაჩიაშვილისთვის თანხის გამოძალვას ცდილობს.
"ბოლომდე რომ ამათი ნება იყოს, საერთოდ არ ჩაატარებდნენ ამ სხდომებს და პირდაპირ ციხეში გამიშვებდნენ
უბრალოდ, ივანიშვილს მაინც უნდა რაღაც ფორმალობა დაიცვას და ხალხს მოაჩვენოს, თითქოს რაღაც ხდება ამ შენობაში და სამართალთან ახლოს აქვს საქმე ამ შენობას და მის რეჟიმს.
ამიტომაც, ყველაფერია მოსალოდნელი - არაფერი გაგიკვირდეთ, ეს პროცესი არის ერთი დიდი ცირკი და ივანიშვილის სადამსჯელო ოპერაცია, რომ გამომძალოს ძალით თანხა". - თქვა ბაჩიაშვილმა.
ბაჩიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ რეჟიმი აქტიურად მუშაობს საყოველთაო პროტესტში მონაწილე სახეების გამოვლენაზე - მისივე თქმით, "მზადდება პროვოკაციები და იკერება საქმეები".
"მე მაქვს ინფორმაცია, მე ვერ დავასახელებ სახელებს და გვარებს საიდან მაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა შიგნიდან არის და მიდის მუშაობა იმაზე, რომ გამოავლინონ ბოლომდე ის ხალხი, ვისი დაჭერის შემთხვევაშიც ჩაიხშობა საყოველთაო პროტესტი.
ბიზნესმენებიც, აქტივისტებიც, პოლიტიკოსებიც, კულტურის სფეროს მოღვაწეებიც - ყველა ის ადამიანი, ვინც არის პროტესტის სახე დღეს
ყველანაირი სიბინძურე მზადდება, მათ შორის საქმეები იკერება, მზადდება პროვოკაციები, არაერთი პროვოკაცია ვნახეთ და ყველა ძალის მიერ მეთოდზეა საუბარი (დაშინება, დევნა, მოსყიდვა) - რასაც კი შეძლებს, ყველაფერს გააკეთებს ეს რეჟიმი
თქვა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
2023 წლის ივლისში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის (იმ პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების) ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. გიორგი ბაჩიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში იკავებდა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
- ივანიშვილი: ბაჩიაშვილს შენიშვნა მივეცი, რადგან რაღაც კაპეიკებს გამოეკიდნენ
- ივანიშვილის ფონდი ივანიშვილის შენიშვნას არ იზიარებს
საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე ბაჩიაშვილს ეკავა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა საპარტნიორო ფონდში. იქამდე კი ბიძინა ივანიშვილის Unicor Management Company-ის ფინანსური დირექტორი იყო. ეს კომპანია რუსეთში ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც საქართველოში პოლიტიკური კარიერის დაწყება გადაწყვიტა.
2025 წლის 23 იანვარს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბაჩიაშვილმა თქვა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ, "ივანიშვილმა გასულ შემოდგომას სისხლის სამართლებრივი მუქარის ქვეშ 5 000 ბიტკოინის გადახდა მოსთხოვა ყოველთვიურად."
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემო წიქვაძემ გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატთან კომუნიკაცია ჰქონდა და დისკონტის სახით კონკრეტული რაოდენობის ბიტკოინების გადახდა შესთავაზა.





