გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

ნატო ხაინდრავა ბაჩიაშვილის დედას: თქვენ უნდა გეშინოდეთ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლემ სხდომა დახურა, მას მედია არ ესწრება.

დღევანდელ პროცესზე ქართუ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნატო ხაინდრავას კითხავენ.

"მე არაფრის, თქვენ უნდა გეშინოდეთ... რა მუქარა, მე მოწმე ვარ, რისი უნდა მეშინოდეს" - მიმართა ხაინდრავამ გიორგი ბაჩიაშვილის დედას, მარინა რამაზაშვილს სხდომის დაწყებამდე, რომელმაც ჰკითხა - "რისი გეშინია?"

რამაზაშვილი ხაინდრავას განცხადებას მუქარად აფასებს, მისი თქმით, დღევანდელი სხდომა დახურეს იმიტომ, რომ ეშინიათ საზოგადოებამ საქმეზე სიმართლე არ გაიგოს.

"მე ეს "თქვენ უნდა გეშინოდეთო" გავიგე ისე, თუ განვაზოგადებთ, ვიტყოდი, რომ ყველა ვინც ქართ ბანკში სესხი აიღო და დროულად დააბრუნა, უნდა ეშინოდეთ, რომ თუ ისინი გახდებიან არასასურველი ამავდროულად მათზე აღიარება სისხლის სამართლის საქმე. რა თქმა უნდა, მუქარად აღვიქვი. ნატოს პროცესიდან გამოგვიყვანეს და დახურეს იმიტომ, რომ ეშინოდათ, რომ საზოგადოება გაიგებდა სიმართლეს". - ამბობს რამაზაშვილი.

დღეს ხაინდრავასთან ერთად, ასევე ჩვენებას მისცემს მისი იმჟამინდელი მოადგილე, დავით გალუაშვილი.


2023 წლის ივლისში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით,  ბაჩიაშვილმა ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის (იმ პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების) ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. გიორგი ბაჩიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში იკავებდა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე ბაჩიაშვილს ეკავა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა საპარტნიორო ფონდში. იქამდე კი ბიძინა ივანიშვილის Unicor Management Company-ის ფინანსური დირექტორი იყო. ეს კომპანია რუსეთში ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც საქართველოში პოლიტიკური კარიერის დაწყება გადაწყვიტა.

2025 წლის 23 იანვარს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბაჩიაშვილმა თქვა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ, "ივანიშვილმა გასულ შემოდგომას სისხლის სამართლებრივი მუქარის ქვეშ 5 000 ბიტკოინის გადახდა მოსთხოვა ყოველთვიურად." 

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემო წიქვაძემ გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატთან კომუნიკაცია ჰქონდა და დისკონტის სახით კონკრეტული რაოდენობის ბიტკოინების გადახდა შესთავაზა.

კომენტარები