ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის ზამთრის სესიის გახსნით სხდომაზე ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების არ მინიჭების საკითხი დღის წესრიგში დადგა.
სარჩელის ავტორის, ევროპის სახალხო პარტიის წევრის, ბორიანა აბერგის თქმით, "საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია და საქართველოში დემოკრატიული წესრიგის ჩამოშლის პროცესი მიმდინარეობს".
დეპუტატის წინადადებას მხარი დაუჭირა ასამბლეის სულ მცირე ოცდაათმა წევრმა, რომლებიც, როგორც რეგლამენტი მოითხოვს, 5 სხვადასხვა ეროვნულ დელეგაციას წარმოადგენენ.
"საკითხი დებატების გარეშე გადაეცა ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს, რომელიც მას 29 იანვარს განიხილავს". - წერია ასამბლეის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შეუძლია არ მიანიჭოს ქართულ დელეგაციას უფლებამოსილება, ან მიანიჭოს, თუმცა ამასთანავე მოხდეს დელეგაციის წევრებისთვის გარკვეული უფლებების შეჩერება ან ასამბლეის საქმიანობაში მათი მონაწილეობის შეზღუდვა.
"ქართული დელეგაციის წევრებს კვლავ შეუძლიათ დაესწრონ ასამბლეის სხდომებს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ვერ ჩაერთვებიან უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებულ კენჭისყრაში". - წერია განცხადებაში.
ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ: კოალიციამ ცვლილებებისთვის, ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ და ძლიერმა საქართველომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართა, არ დაედასტურებინათ ასამბლეაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილება.
ასამბლეას ასევე მიმართა პარტიამ გახარია საქართველოსთვის.
"საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სისტემური ხასიათი ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ძირეულ პრინციპებსა და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს". - ნათქვამია განცხადებაში.