ევროპის საბჭოს კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში, მაიკლ ო'ფლაჰერთი საქართველოს 21-23 იანვრის პერიოდში ესტუმრა. როგორც ვიზიტის შესახებ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ო'ფლაჰერთი აღნიშნულ პერიოდში შეხვდა ივანიშვილის ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
"კომისარმა ო'ფლაჰერთიმ შეშფოთება გამოხატა 2024 წლის აპრილსა და 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარე საჯარო დემონსტრაციების ფარგლებში უკანონო დაკავებისა და სამართალდამცავებისა თუ შენიღბული ინდივიდების (ტიტუშკების) მხრიდან ძალის გადამეტებულად გამოყენების ბრალდებების გამოუძიებლობის გამო. ამ კუთხით ის ამჩნევს, რომ სისხლის სამართლის წესით მომიტინგეთა გასამართლება გახშირდა, თუმცა მიუხედავად [დაკავებულების მიმართ] სასტიკად მოპყრობის სანდრო ჩვენებებისა, არცერთი სამართალდამცავის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა, მათ შორის, 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციების ფარგლებშიც. ამასთან, კომისარი ყურადღებას ამახვილებს მის ადრინდელ რეკომენდაციაზე, რომლის მიხედვითაც ყოველი სამართალდამცავი უნდა ატარებდეს შესაფერის იდენტიფიკაციას, რათა სამართალდამრღვევი პირების დაკავების პროცედურა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისობაში იყოს. ". - წერია განცხადებაში.
ევროპის კომისარმა ასევე გამოთქვა შეშფოთება ივანიშვილის რეჟიმის მიერ პროტესტის შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებისა და ამოქმედების შესახებ. ო'ფლაჰერთის თქმით, კანონში "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებები, მათ შორის, მომიტინგეებისთვის სახის დაფარვის აკრძალვა, გაზრდილი ჯარიმები საჯარო პროტესტებთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის, ადმინისტრაციული წესით დაკავების გამარტივებული საფუძველი, პროტესტის შემზღუდველი მექანიზმია.
"კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას ადმინისტრაციულმა და საკანონმდებლო ზომებმა ძირი არ გამოუთხარონ." - ამბობს ო'ფლაჰერთი.
კომისარი ასევე შეეხო რეჟიმის მიერ კანონში "საჯარო სამსახურის შესახებ" შეტანილ ცვლილებებს და ამით საჯარო სექტორში დასაქმებულებზე კანონის ძალით ზეწოლის მცდელობის საკითხსაც. მისი თქმით, ის "წუხს, ვინაიდან ადამიანთა უფლებების მიმართ სენსიტიური ეს კანონები დაჩქარებული წესით მიიღეს, მნიშვნელოვანი საკონსულტაციო პროცესების გარეშე".
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ივანიშვილის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, კომისარმა წამოაყენა რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ჟურნალისტის, ნეტგაზეთის დირექტორის, მზია ამაღლობელის თემაც.
"მიმაჩნია, რომ მისთვის წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივება გაუმართლებელია და მე შეშფოთებული ვარ მის მდგომარეობაზე". - თქვა ო'ფლაჰერთიმ.
ივანიშვილის წარმომადგენლებთან საუბრისას კომისარმა გააკრიტიკა რეჟიმის მიერ გასულ წელს მიღებული კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა" და LGBTI თემის წინააღმდეგ მიმართული კანონი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ".
"კომისრის დაკვირვებით, ამ საკანონმდებლო ზომების კომბინაცია, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის [კონკრეტული პირებისთვის] პასუხისმგებლობის დაკისრება და სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული ძლიერი აზრი, რომ საქართველოს სასამართლოებში სამართლის მიღება შეუძლებელია, ეფექტურად უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, მიმართოს ნებისმიერ რეფორმას კანონთა ერთიანობაზე კუმულაციური გავლენის ფრთხილი გააზრების შემდეგ და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად". - წერია განცხადებაში.





