ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ესტონეთის პარლამენტი მიღებულ განცხადებაში ივანიშვილის ხელისუფლებას არალეგიტიმურს უწოდებს

ესტონეთის პარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდამჭერი განცხადება მიიღო. შესაბამისი ინფორმაცია პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ქართველი ხალხის მხარდამჭერი განცხადება ესტონეთის პარლამენტში 49 დეპუტატმა წარადგინა, 59-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, 9 კი წინააღმდეგი იყო.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ესტონეთი პატივს სცემს ნებისმიერი ქვეყნის უფლებას, დემოკრატიულად აირჩიოს საკუთარი გზა საზოგადოების ჩამოყალიბებაში და სხვა ქვეყნებთან მოკავშირული ურთიერთობების დამყარებაში. ამ პრინციპის გათვალისწინებით, ესტონეთი მხარს უჭერდა საქართველოს განვითარებას მჭიდრო თანამშრომლობით და ღიად გმობდა რუსეთის ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნიდა საქართველოს სუვერენულობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"ბოლო ათწლეულის განმავლობაში ესტონეთი მზარდი შეშფოთებით ადევნებდა თვალს ქართული საზოგადოების პოლარიზებაში და საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებში რუსეთის მხრიდან გავლენის მომხდენ აქტივობებს. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც გასულ ოქტომბერს ძალადობისა და დაშინების გარემოში ჩატარდა, არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. ქართული ოცნება, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობს, თაღლითური არჩევნების შედეგებს იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებისთვის.

ამ განცხადებით, ესტონეთის პარლამენტი უარს ამბობს აღიაროს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ლეგიტიმურობა, რადგან ისინი ფორმირებულია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ჩატარდა გაყალბებისა და მოქალაქეების დაშინების ფონზე. ასევე, არ ვაღიარებთ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას და პარალელურად, ვაღიარებთ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ლეგიტიმურ პრეზიდენტს და ვაგრძელებთ მისი ძალისხმევებს მხარდაჭერას ქვეყანაში საკონსტიტუციო კრიზისის დასრულებაში". - წერია განცხადებაში.

ამავდროულად, ესტონეთი მხარს უჭერს იმ დემოკრატიულ ძალებს, რომლებიც საქართველოში ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ, რაც "გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს ქვეყანაში საკონსტიტუციო კრიზისის დასასრულებლად და დემოკრატიის აღსადგენად".

ესტონეთის პარლამენტი გმობს, "მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მზარდი რუსული იმპერიალიზმის მხარდაჭერილ სასტიკ რეპრესიებს და მოუწოდებს ძალადობისა და სამართლებრივი დევნის დასრულებისკენ. ასევე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისკენ".

ამასთან, ესტონეთის პარლამენტი მოუწოდებს სხვა ქვეყნების პარლამენტებს დაგმონ "საქართველოში მოქმედი რეჟიმის სასტიკი ქმედებები".

"ესტონეთის პარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრს ქვეყნებს, სანქციები დაუწესონ ქართველ პოლიტიკოსებსა და ოფიციალურ პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივ რეპრესირებაში და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნაში. ესტონეთის პარლამენტი ასევე მოწოდებით გამოდის, მკვეთრად შეიზღუდოს კომუნიკაცია საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის ინსტიტუტებთან, სანამ არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ჯერ კიდევ გადარჩენილი თავისუფალი მედიის მხარდაჭერისკენ, რომელიც აგრძელებს მუშაობას თავისუფალი საზოგადოების სახელით, მიუხედავად დაშინებისა და დევნისა". - წერია განცხადებაში.

კომენტარები