რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ტრამპი: თუ მალე შეთანხმებას არ მივაღწევთ, მომიწევს, რუსეთს მაღალი სანქციები დავუწესო

არ ვცდილობ რუსეთისთვის ტკივილის მიყენებას. მე რუსი ხალხი მიყვარს, ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ პუტინთან - და ეს რადიკალური მემარცხენეების "რუსეთი, რუსეთი, რუსეთის" ტყუილის მიუხედავად. ჩვენ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში დაგვეხმარა, ამ პროცესში 60 000 000 ადამიანის სიცოცხლის დაკარგვით.

ყოველივე ამის მიუხედავად, მე ვაპირებ, რომ რუსეთისა, რომლის ეკონომიკაც მარცხს განიცდის, და პრეზიდენტ პუტინის მიმართ ძალიან დიდი წყალობა გამოვიჩინო. ახლავე გარიგდით და შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი! ამიერიდან ვითარება მხოლოდ გაუარესდება. თუ ჩვენ მალე "შეთანხმებას" არ მივაღწევთ, ყველაფერზე, რასაც რუსეთი აშშ-სა და სხვა მონაწილე ქვეყნებში ყიდის, მაღალი გადასახადების, ტარიფებისა და სანქციების დაწესება მომიწევს.

მოდი, დავამთავროთ ეს ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი! ამის გაკეთება შეგვიძლია მარტივი გზით, ან რთული გზით - და მარტივი გზა ყოველთვის უკეთესია. დროა "შეთანხმებას მივაღწიოთ. მეტი სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს.

წერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

კომენტარები