თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში საგამოცდო ცენტრში ხმაური იყო. მაისის სტუდენტური მოძრაობის სტუდენტების მიერ ბლოკირებული საგამოცდო ცენტრის შესასვლელი დაცვამ გახსნა და სტუდენტებს ტერიტორია დაატოვებინა.
როგორც მაისის სტუდენტური მოძრაობის წევრები ამბობენ, დაცვასთან ერთად შენობაში სხვა უცხო პირებიც იყვნენ, რომლებიც აგრესიით გამოირჩეოდნენ.
"დილაადრიან, როდესაც სტუდენტები გარეთ იყვნენ შეკრებილები, ფორმაში გადაცმული უცხო პირები ღრიალით და მუშტის ღერებით შემოვიდნენ. იყვნენ პირები, რომლებიც ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვისაც უცნობები იყვნენ, არც დაცვის წევრები იცნობდნენ.
იყვნენ გადაცმული უცხო პირები, რომლებისგანაც წამოვიდა ეს აგრესია და ძალადობის მცდელობა". - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.
მაისის სტუდენტური მოძრაობის წევრებმა თსუ-ს საგამოცდო ცენტრი გუშინ დაიკავეს. ისინი რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას, ახალ არჩევნებს და ახალ სტუდენტურ საცხოვრებელს ითხოვდნენ.





