აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სამშაბათს, 21 იანვარს, ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესების შესახებ ისაუბრა, მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ჩინეთიდან იმპორტზე 10%-იანი გადასახადის დაწესებას განიხილავს. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ამის მიზეზი ჩინეთიდან მექსიკისა და კანადის გავლით აშშ-ში სინთეტიკური ნარკოტიკის, ფენტანილის კონტრაბანდაა.
ეს განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში, მედიასთან საუბრისას გააკეთა, სადაც კიდევ ერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტის გამო.
“ევროკავშირი ძალიან ცუდად გვექცევა. ამიტომ ისინი მზად უნდა იყვნენ ტარიფების დაწესებისთვის. ეს ერთადერთი გზაა სამართლიანობის მისაღწევად“ - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია 1-ლი თებერვლიდან კანადისა და მექსიკისთვის 25%-იანი ტარიფების დაწესებას განიხილავს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი უკანონო მიგრაციასა და ფენტანილის კონტრაბანდას არ აღკვეთენ.
სავაჭრო საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, პიტერ ნავარომ, CNBC-სთან საუბრისას აღნიშნა: „მიზეზი, რის გამოც ტრამპი განიხილავს 10 ან 25%-იანი ტარიფების დაწესებას კანადისთვის, მექსიკისა და ჩინეთისთვის, არის ის, რომ ყოველდღიურად 300 ამერიკელი იღუპება ფენტანილის ზედოზირებით“.





