ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაცია დღეს სამ ისრაელელი ქალი მძევლის - რომი გონენის, ემილი დამარისა და დორონ შტეინბრეხერის - ისრაელთან შეთანხმების მიხედვით გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროპაგანდისტული ვიდეო გაავრცელა.
გამოცემა Times of Israel-ის ცნობით, პროპაგანდისტულ ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ გადასცემენ ჰამასის წევრი პირები მძევლებს "სასაჩუქრე ჩანთებსა" და "სერტიფიკატებს". გავრცელებული ცნობების მიხედვით, მათი ტყვეობაში ყოფნის დროს გადაღებული სურათებიც იყო.
ჰამასმა მოგვიანებით მძევლები წითელ ჯვარს გადასცა, რის შემდეგაც ისინი ღაზის სექტორში მყოფ ისრაელელ სამხედროებს გადასცეს, საიდანაც ისინი ოჯახის წევრებთან შესახვედრად ისრაელში ჩაიყვანეს.
19 იანვარს, ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თითქმის 3 საათის დაგვიანებით ამოქმედდა. აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა 15 იანვარს მიაღწიეს.
შეთანხმება სამ ეტაპს მოიცავს, პირველ ეტაპზე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ჰამასი 33 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, მათ შორის ქალებს (სამხედრო და სამოქალაქო პირებს), ბავშვებს და 50 წელს გადაცილებულ კაცებს, ისრაელი კი პირველი ფაზის ბოლომდე ციხეებში დაკავებულ პალესტინელ ქალებსა და 19 წლამდე ბავშვებს გაათავისუფლებს.