ლიტვამ 2026 წლიდან თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5-6%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთისგან მომდინარე საფრთხეა.
ამჟამად, ლიტვა თავდაცვის ხარჯებზე მშპ-ის დაახლოებით 3%-ს ხარჯავს. პრეზიდენტის განცახდების შედეგად, ლიტვა NATO-ს პირველი წევრი სახელმწიფოა, რომელიც ოფიციალურად აცხადებს, რომ თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდას გეგმავს.
ნაუსედას თქმით, "ისტორიული გადაწყვეტილება" სახელმწიფოს თავდაცვის საბჭომ 17 იანვარს მიიღო.
"რუსეთის სამხედრო აგრესია კვლავ რეალურია, მაგრამ არა გარდაუვალი. ჩვენ მეტი ძალისხმევით უნდა შევეცადოთ ჩვენი თავდაცვისა და შეკავების მნიშვნელოვნად გაძლიერება და მეტი რესურსი დავუთმოთ ამ მიზნის მიღწევას" – თქვა ლიტვის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
რამდენიმე დღის წინ, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოები გეგმავენ 2025 წელს ნიდერლანდებში დაგეგმილ სამიტზე თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 3%-მდე გაზრდას განიხილონ.
ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, უკავშირდება დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადას და მისი წარსული მოთხოვნების განახლებას, რომლებიც ევროპული ქვეყნების მხრიდან თავდაცვაზე გაწეული ხარჯების გაზრდას ეხებოდა.