აშშ-ს მოქმედი სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციას შესაძლებლობა ექნება, ხელი შეუწყოს რუსეთსა და უკრაინას შორის "კარგი" და "ძლიერი" სამშვიდობო ზავის მიღწევას იმის გათვალისწინებით, რომ კიევი ზავის პირობებს დათანხმდება.
"ვფიქრობ, მომავალი ადმინისტრაცია იმ პოზიციაშია, რომ თუ უკრაინელებს ასე სურთ და ასე აირჩევენ, ხელი შეუწყოს კარგ [სამშვიდობო] ზავზე შეთანხმებას. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუბრობს კარგი, ძლიერი შეთანხმებების ქონაზე. ვფიქრობ, შესაძლებელია ასეთის მიღწევა". - თქვა ბლინკენმა პრესბრიფინგზე.
დონალდ ტრამპს, რომელიც აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად 20 იანვარს გახდება, უთქვამს, რომ თეთრი სახლის დაკავების შემდეგ იგი რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების რაც შეიძლება მალე მიღწევას შეეცდება, რამაც უკრაინის მხარდამჭერებს შორის გააჩინა ეჭვები, რომ ტრამპმა ამ მიზნის მისაღწევად შესაძლოა, უკრაინას მტკივნეული დათმობებისკენ უბიძგოს.
ტრამპის გუნდმა რამდენჯერმე მიანიშნა, რომ ახალი ადმინისტრაცია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უკრაინის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზეც იზრუნებდა, თუმცა ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილმა მარკო რუბიომ სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად დათმობებზე წასვლა როგორც მოსკოვს, ისე კიევსაც მოუწევდა.