რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ზელენსკის თქმით, უკრაინის არმიაში ამჟამად 880 000 სამხედროა

ფოტო ვიდეომიმართვიდან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ქვეყნის არმიის შემადგენლობაში 880 000 ჯარისკაცია, რომლებიც მთელ ტერიტორიას იცავენ. ამასთანავე, მისი თქმით, უკრაინელები 600 000 რუსი სამხედროს წინააღმდეგ იბრძვიან.

"იცით, ამჟამად 600 000 რუსი სამხედროა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. უკრაინელების არმია კი ახლა 880 000-ია.

თუმცა, ზელენსკის თქმით, განსხვავება ის არის, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ქვეყნის მთელ ტერიტორიას იცავენ, ხოლო რუსული ძალები რამდენიმე ადგილზეა კონცენტრირებული, რაც მათ ზოგიერთ რეგიონში რიცხობრივ უპირატესობას აძლევს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ "როდესაც ომი დამთავრდება, ჩვენ გვესაჭიროება, გავიგოთ სხვა ქვეყნების კონტინგენტების როლი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ იდეას და საჭიროა, მისი მასშტაბები იყოს გაგებული. მეორე, ჩვენ გვჭირდება გვესმოდეს, თუ როგორი იქნება უკრაინის არმიის მომავალი".

მან დაამატა, რომ უკრაინის მოკავშირეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს ომის შემდეგ ქვეყანაში სამშვიდობო ძალების განლაგების თაობაზე. ზელენსკის თქმით, იგი ამ საკითხს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრთან, კირ სტარმერთანაც განიხილავს.

12 იანვარს Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომდევნო კვირებში გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი უკრაინაში გაემგზავრება, რათა ომის დამთავრების შემდეგ უკრაინაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განლაგების შესაძლებლობა განიხილოს.

9 დეკემბერს Bloomberg-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პოლონეთის პრემიერმინისტრს, დონალდ ტუსკს უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად სამშვიდობო ძალების გაგზავნის განსახილველად უნდა შეხვედროდა.

ამავე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინამ მაკრონის შეთავაზება „შეიძლება გაითვალისწინოს“, თუმცა მხოლოდ NATO-ში გაწევრიანების ნათელი თარიღის გაგების შემდეგ.

როგორც Wall Street Journal დაუსახელებელ წყაროზე დაყრდნობით წერს, აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მაკრონთან და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად სამშვიდობო ძალების გაგზავნა ევროპულ ქვეყნებს მოუწევთ, აშშ-ს ჯარისკაცები კი პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ. 

12 დეკემბერს იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ქვეყანა მზად არის, უკრაინაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა მიიღოს, თუ ომის დასრულების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის კონტროლირებადი შეთანხმება მიიღწევა.

 

კომენტარები