ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროპარლამენტარებთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისა და ბლოკის გაფართოების საკითხებზე იმსჯელა. დღის წესრიგში მოხვდა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციები და ევროკომისიის მიერ გასული წლის დეკემბერში წარდგენილი წინადადება საქართველოს დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელი პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ.
კოსის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადებას კენჭს იანვრის ბოლომდე უყრიან.
რა წინადადება წარადგინა ევროკომისიამ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებაზე?
ევროკომისარმა მწუხარება გამოხატა ივანიშვილის რეჟიმის მიერ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან დაშორების გამო. მისი თქმით, რეჟიმის ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, ოპოზიციის წევრებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ აბსოლუტურად მიუღებელია.
კოსმა ასევე აღნიშნა, რომ მუშაობას აგრძელებენ ივანიშვილის მთავრობისთვის შეწყვეტილი 100 მილიონ ევროიანი დაფინანსების გადანაწილებაზე სხვა სექტორებზე, მათ შორის, კოსის თქმით, გეგმაშია, 7 მილიონი ევრო საკომუნიკაციო აქტივობებისთვის გამოიყოს, რათა "გაძლიერდეს რეაგირება ქართული ოცნების ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე".
"სიტუაცია საქართველოში მკაფიოდ შეგვახსენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მარტივი არ არის და რეგრესი შეიძლება მოხდეს და ხდება კიდეც. მე ვწუხვარ, რომ [საქართველოს] ხელისუფლება ევროინტეგრაციიდან დაშორებას განაგრძობს. ქართველი ხალხის ევროინტეგრაციის არჩევანი კონსტიტუციურადაა დასახული და ისინი ამას ყოველ დღე ქუჩაში გამოხატავენ, რადგან ნათლად სურთ, რომ შეინარჩუნონ. ხელისუფლების ქმედება მშვიდობიანი მომიტინგეების, ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ აბსოლუტურად მიუღებელია.
კომისიამ უკვე შეწყვიტა 100 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსება, რომლითაც პირდაპირ საქართველოს ხელისუფლება სარგებლობდა და ჩვენ კიდევ განვიხილავთ [დაფინანსებაში] შემდგომ ცვლილებებს. ჩვენ ასევე გამოვედით წინადადებით საქართველოსთან ვიზის გამარტივებულად გაცემის შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერებაზე, რათა სავიზო მოთხოვნები დაუწესდეთ საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ წინადადებას იანვრის ბოლომდე უყრიან კენჭს.
ამასთან, ჩვენ ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, 8.5 მილიონი ევრო უკვე მათზე გადავანაწილეთ. ჩვენ ასევე მზად ვართ, გადავდოთ 7 მილიონი ევრო საკომუნიკაციო აქტივობებისთვის, რადგან ჩვენ უნდა გავაძლიეროთ რეაგირება ქართული ოცნების ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე". - განაცხადა მარტა კოსმა.