ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობის საკითხზე სასამართლო 10 იანვარს იმსჯელებს

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მარტისთვის გადადო. ინფორმაციას ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს და პროკურატურის შუამდგომლობას “დაუსაბუთებელს” უწოდებს.

წინასასამართლო სხდომა გადაიდო, თუმცა, ხვალ, 10:30 საათზე, მოსამართლე განიხილავს მსახიობისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვის საკითხს. “ხვალ ჩატარდება პროცესი, სადაც მხოლოდ განიხილება პატიმრობის საკითხი” - თქვა ჭიჭინაძის ადვოკატმა და აღნიშნა, რომ მოსამართლე ხალხით სავსე დარბაზში იმსჯელებს, უნდა დატოვოს თუ არა მსახიობი პატიმრობაში.

ოჯახის წევრები საზოგადოებას საქალაქო სასამართლოსთან 10:00 საათზე მისვლას სთხოვენ. “მნიშვნელოვანია, ბევრი ხალხი იყოს” - წერს ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე.

ამასთან, ჭიჭინაძის ადვოკატის თქმით, გამოძიებამ 11 პირის სისხლის სამართლის საქმე "ხელოვნურად გააერთიანა". ეს პირები არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე, სერგეი კუხარჩუკი. თავდაპირველად, საქმე ორ წარმოებად განიხილებოდა - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და გიორგი გიორგაძის საქმე კი, ცალკე.

თორნიკე მიგინეიშვილი მიიჩნევს, რომ საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება უკანონო გადაწყვეტილებაა, "დაპატიმრებული პირები ერთმანეთს არ იცნობენ, მაშინ როცა ბრალად წარდგენილი აქვთ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა".

11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები