მალი

მალელი ამბოხებულების თქმით, არმიამ და რუსმა ვაგნერელებმა 9 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

ვაგნერელები აფრიკაში.
ფოტო ვაგნერის ჯგუფთან დაკავშირებული ტელგრამ-არხიდან

მალელი ამბოხებულებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ჯგუფის ინფორმაციით, წინა კვირაში მალის სეგუს რეგიონში მანქანაზე მომხარ თავდასხმას 9 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის, ქალებისა და ბავშვების, სიცოცხლე ემსხვერპლა. ისინი მომხდარზე პასუხისმგებლობას მთავრობის არმიასა და კსკ ვაგნერის მებრძოლებს აკისრებენ.

ტუარეგთა დაჯგუფებების კოალიციის სპიკერის თქმით, მანქანა ქალაქ ნიონოდან მავრიტანიაში ლტოლვილთა ბანაკის მიმართულებით გადაადგილდებოდა, როდესაც მას ცეცხლი გაუხსნეს. სპიკერისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფის თქმით, თავდასხმა მალის შეიარაღებული ძალებისა და მოკავშირე რუსული კსკ ვაგნერის მებრძოლების მიერ იყო მოწყობილი.

ვაგნერის მებრძოლები მალიში მას შემდეგ იმყოფებიან, რაც არმიამ 2020 და 2021 წლის გადატრიალებების შედეგად ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, ხოლო საფრანგეთისა და გაეროს ჯარისკაცები ქვეყნიდან გააძევა.

რამდენიმე წლის წინ ტუარეგთა ტომის აჯანყების შემდეგ მალის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთზე კონტროლი დაკარგა. კონფლიქტი კიდევ უფრო გაართულა ისლამისტების ჩართულობამ. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოხდა, ხუნტამ რუსულ კსკ ვაგნერთან ახლო ურთიერთობა დაამყარა.

კსკ-ს დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინის აჯანყების ჩავარდნის, შემდეგ კი მისი და ჯგუფის სამხედრო მეთაურის, ვაგნერის ზედმეტსახელით ცნობილი დმიტრი უტკინის სიკვდილის შედეგად კერძო სამხედრო კომპანია რამდენიმე ნაწილად დაიშალა. ნაწილმა თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი დადო, ზოგიერთი აფრიკაში ვაგნერის კონკურენტ რუსულ ჯგუფებს შეუერთდა, ზოგი ბელარუსში სამხედრო ინსტრუქტორი გახდა, ნაწილი კი ძველი სტრუქტურის ქვეშ დარჩა, რუსეთი დატოვა და მუშაობა აფრიკაში, საჰელის რეგიონში გააგრძელა. გავრცელებული ცნობებით, აფრიკის კონტინენტზე რუსი დაქირავებული მებრძოლების კურირება თავდაცვის სამინისტროს ხელში გადავიდა და აქ ახლა მათი აფრიკული კორპუსი მოქმედებს.

კომენტარები