სირია

სირიელი ამბოხებულების ლიდერის თქმით, ახალ არჩევნებს, შესაძლოა, ოთხ წლამდე დასჭირდეს

აჰმედ ალ-შარაა, იგივე აბუ მოჰამად ალ-ჯოლანი
AFP

სირიელი ამბოხებულების ლიდერმა აჰმედ ალ-შარაამ ინტერვიუში განაცხადა, რომ სირიაში ახალი არჩევნების ჩატარებას, შესაძლოა, ოთხ წლამდე დასჭირდეს.

საუდის არაბეთის სამთავრობო მაუწყებელ Al Arabiya-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუციის დაწერას, შესაძლოა, სამ წლამდე დასჭირდეს.

ამასთანავე, მისი თქმით, შეიძლება ერთი წელი გავიდეს, სანამ სირიელები მნიშვნელოვან ცვლილებებსა და საჯარო სერვისების გაუმჯობესებას დაინახავენ.

შარაას თქმით, სირიას სამართლებრივი სისტემის აღდგენა სჭირდება და ასევე საჭიროა ყოვლისმომცველი მოსახლეობის აღწერის ჩატარება, რათა ქვეყანაში ლეგიტიმური არჩევნები ჩატარდეს.

8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს. 

ინტერვიუში შარაამ განაცხადა, რომ HTS, რომელიც წარსულში ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" და ალ-კაიდასთან იყო კავშირში, ხოლო გაეროსა და მრავალი ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული, მომავალი ეროვნული დიალოგის კონფერენციაზე "დაიშლება".

ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი (HTS) ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. იერიშამდე HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებდა. სამხედრო ოპერაციებში ჯიჰადისტების გარდა სეკულარული ძალებიც მონაწილეობდნენ. 

კომენტარები