დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ისრაელმა პირველად დაადასტურა, რომ ჰანიას მკვლელობის უკან იდგა

AP Photo/ Vahid Salemi

ისრალეის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა პირველად დაადასტურა, რომ თეირანში ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას მკვლელობის უკან ისრაელი იდგა

კაცმა ჰანიას მკვლელობაში ისრაელის მონაწილეობა ღონისძიებაზე წარმოთქმული სიტყვის დროს ტერორისტული დაჯგუფების, ჰუსიტების მიმართ დამუქრების დროს დაადასტურა. ეს პირველი საჯარო დასტურია ისრაელის მხრიდან, რომ ჰანიას მკვლელობის უკან იდგა. 

"[ჰუსიტების] სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას დავარტყამთ და მის ლიდერებს თავებს მოვკვეთთ. რაც გავუკეთეთ ჰანიას, სინვარსა და ნასრალას თეირანში, ღაზასა და ლიბანში, იგივეს ვიზამთ ჰოდეიდაში და სანააში". - თქვა კაცმა. 

კაცმა ისრაელის მიმართულებით ჰუსიტების სარაკეტო იერიშების ფონზე დაჯგუფება გააფრთხილა, რომ აქამდე ისრაელმა ჰამასი და ჰეზბოლა დაამარცხა.

"ამ დღეებში, როცა ჰუსისტური ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელს რაკეტებს ესვრის, ნათელი გზავნილი მინდა გადავცე: ჰამასი დავამარცხეთ, ჰეზბოლა დავამარცხეთ, ირანში თავდაცვის სისტემები გავანადგურეთ და [რაკეტების] წარმოების სისტემები დავაზიანეთ". - თქვა კაცმა. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ასევე ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობაში ისრაელის წვლილს გაუსვა ხაზი. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი სირიაში ასადის მმართველობის ჩამოშლაში პირდაპირ არ მონაწილეობდა, ქვეყნის შეფასებით, მისმა დარტყმებმა რეგიონში ირანის მხარდაჭერილ ჯგუფებზე რეჟიმის დასრულებას ხელი შეუწყო. 

"სირიაში ასადის რეჟიმი დავამხეთ, "ბოროტების ღერძს" მძიმე დარტყმები მივაყენეთ და ასევე გავაგრძელებთ მძიმე დარტყმებს იემენში ჰუსიტების ტერორისტულ ორგანიზაციაზე, რომელიც უკანასკნელი დგას". - თქვა კაცმა. 

31 ივლისის გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში აფეთქებას ემსხვერპლა. ერთი დღით ადრე ჰანია, რომელიც წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა, ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდა. თავდაპირველად გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ ჰამასის ლიდერი რაკეტამ იმსხვერპლა, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ სიკვდილი დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას მოჰყვა.

კომენტარები