თბილისში მომხდარ მკვლელობის საქმეზე შსს-მ 2004 წელს დაბადებული პირი დააკავა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 4 პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც 1 პირი გარდაიცვალა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2004 წელს დაბადებული დ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ოთხ პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო სამ პირს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





