2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნას ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და კოალიციები გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმურობა არ აქვს და ახალი არჩევნების დანიშვნაა საჭირო.
ეს დასკვნა არის უპრეცედენტოდ უარყოფითი, ამდაგვარი უარყოფითი დასკვნა, პრაქტიკულად საქართველოში ჩატარებულ არცერთ არჩევნებზე არ ყოფილა. პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ასეთი არჩევნების შედეგად მიღებული შედეგები არის არალეგიტიმური და შესაბამისად პარლამენტი არის არალეგიტიმური და ერთადერთი გამოსავალია თავისუფალი ა სამართლიანია ხალი არჩევნების ჩანიშვნა და ჩატარება, სწორედ იმდაგვარად რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს თავის ფუნდამენტური უფლება - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლება", - განაცხადა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.
კოალიცია ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიგი წერეთლის თქმით, "ის კომპონენტები რაც შეადგენს მთლიანობაში დემოკრატიული, საერთაშორისო სტანდარტის მქონე არჩევნების სურათს, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით აქ არის ძალიან მძიმე დასკვნები".
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა კიდევ უფრო გამყარდება.
"მოკლედ რომ შევაჯამოთ, ეუთო/ოდირის ამ დასკვნაში წერია, ივანიშვილი ეცადა ყველანაირად რომ შეექმნა ანტურაჟი, თითქოს 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდებოდა არჩევნები და მიუხედავად მისი მცდელობებისა, საბოლოო ჯამში, რაც ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და შემდეგ, ამას შეიძლება ეწოდოს ნებისმიერი რამე, გარდა არჩევნებისა და დემოკრატიული პროცესისა.
მეორე, ასევე რაც წერია ამ დასკვნაში და იკითხება, არის ის რომ - აქ ჩვენთან, ეუთო/ოდირში ყაველაშვილი არავინ არაა და ამ ვირეშმაკობას არავინ არ ჭამს.
ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ქართული ოცნების პროპაგანდა იყო ჩამოკიდებული ამაზე, რომ ახლა იქნება ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა, რომელიც ლეგიტიმაციას მისცემს არჩევნების შედეგებს და მათ ხელისუფლებაში ყოფნას და ყველაფერი მოხდა ამის საპირისპირო. მთელი ეს პროპაგანდა თავზე ჩამოემხოთ. ისევე როგორც ჩამოემხობათ პროპაგანდის მეორე ხაზი, რომ 20 იანვარს ტრამპი მოვა და რაღაცები დალაგდება. არაფერი ეგეთი არ მოხდება.
ამ დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და მნიშვნელოვანია, რომ გარედან მხარდაჭერა იქნება ეს სანქციები თუ სხვა, იქნება გაცილებით ეფექტური", - განაცხადა ჯაფარიძემ.
ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მას არ აქვს მანდატი, აღიაროს ან არ აღიაროს არჩევნები და წერს, რომ არჩევნების ხარისხი ამომრჩეველმა უნდა განსაჯოს.





