ევროპული კომისიის გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის შეზღუდვის შესახებ მხოლოდ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებზე გავრცელდება და არ შეეხება სამოქალაქო პასპორტებს.
ამის შესახებ ტაბულას ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.
20 დეკემბერს, ევროპულმა კომისიამ ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ წინადადება წარადგინა.
როგორც ევროკომისიის ოფიციალურ პრესრელიზში წერია, ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
იმ შემთხვევაში, თუ ევროპული საბჭო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ ბლოკის ყოველ წევრ სახელმწიფოს შესაბამისი ზომების მიღება მოუწევს, მათ შორის, ვიზის მოთხოვნების დაწესება (ანუ ვიზის გაცემის გამარტივებული წესის მოხსნა) საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურეობრივი/ოფიციალური პასპორტის მქონეთათვის და ამ ზომების შესახებ სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის და კომისიისთვის შეტყობინება.
საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე 16 დეკემბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე შეთანხმდნენ.
"დღეს ჩვენ შევთანხმდით, საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საჭიროებაზე და ევროკომისია წელსვე გააკეთებს განაცხადს ამის თაობაზე" - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა პრესკონფერენციაზე.