აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, რუმინეთი, პოლონეთი, ბელგია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, კანადა, ნორვეგია, დანია, შვედეთი, ფინეთი, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი ეუთოს მუდმივ საბჭოს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ, რომელშიც ქართული ოცნების მხრიდან პროტესტის ჩასახშობად რეპრესიული ტაქტიკების, თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებას გმობენ და საკუთარი უფლებების გამოყენებისთვის დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
17 სახელმწიფო ასევე წერს, რომ ეუთოს კონტექსტში ყველა შესაძლო სამოქმედო მექანიზმს განიხილავს და საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
ჩვენი ქვეყნები სამ ათწლეულზე დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს და ქართველი ხალხის ერთგული პარტნიორები იყვნენ. ჩვენს შორის გვიმუშავია საქართველოს მთავრობებთან, რათა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის მხარი დაგვეჭირა, განგვევითარებინა საქართველოს ეკონომიკა და გაგვეუმჯობესებინა განათლება ქართველი ბავშვებისთვის. მართალია, ჩვენი ახლანდელი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უდრეკად რჩება, თუმცა მკაცრად ვგმობთ ქართული ოცნების სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას იყენებენ.
იმედგაცრუებულები ვართ, რომ ქართული ოცნება აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკების გამოყენებას, მათ შორის, თვითნებურ დაკავებებსა და ფიზიკურ ძალადობას, რათა თავისი კრიტიკოსები გააჩუმოს. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და მშვიდობიანი შეკრებისა და თვითნებური დაკავებისგან თავისუფლების უფლებებისადმი ჩვენი საზიარო ეუთო-ს ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს მოვუწოდებთ, სამართალდამცავი სამსახურების მხრიდან რეპრესიული, გადაჭარბებულად ძალადობრივი ტაქტიკების გამოყენება შეწყვიტოს. საქართველოს ასევე მოუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აქციის მონაწილეები, მედიის წარმომადგენლები და ოპოზიციური ფიგურები და სხვები, რომლებიც თავიანთი უფლებების გამოყენებისთვისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის დააკავეს. პირებმა, რომლებიც ძალის უკანონო გამოყენებაზე არიან პასუხისმგებლები პასუხი უნდა აგონ.
როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფოები, ამიერიდან ეუთოს კონტექსტში ყველა მექანიზმს განვიხილავთ. მოვუწოდებთ საქართველოს, EU-ში ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს, რომელიც ქართველთა დიდ უმრავლესობას სურს.
ჩვენი ქვეყნები ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით სოლიდარობით დგანან. ვაგრძელებთ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას.