ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ის ადამიანი დაასახელა, ვინც, მისი თქმით, 17 დეკემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მას ე.წ. სახრახნისით თავს დაესხა.
"ადგილზე ვნახეთ მისი გასაღები, რომელზეც ლიფტის ჩიპიც ჰქონდა, რომლითაც ეს პიროვნება პირადად იდენტიფიცირდება. მოგვიანებით, ჩვენ ის დავაიდენტიფიცირეთ - ეს ადამიანი არის 1976 წელს დაბადებული დავით ედიშერაშვილი, რომელიც ვაზისუბანში ცხოვრობს. სწორედ ეს პირი ჩანს ვიდეოშიც". - თქვა ვაშაძემ.
ვაშაძე ამბობს, რომ თავდასხმის შემდეგ, მან არაერთი დაზიანება მიიღო.
"იურისტებთანაც გვქონდა საუბარი და ის ქმედება, რომელიც მან ჩემ მიმართ ჩაიდინა, სისხლის სამართლის კოდექსით ფასდება, როგორც მკვლელობის მცდელობა - რადგან, არაერთგზის ცდილობდა სახრახნისის დარტყმას ისე, რომ მძიმე ზიანი მოეყენებინა, მათ შორის, ყელის არეში [...]
სამედიცინო დაწესებულებაში ვიყავი და მაქვს თავის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა. ასევე, ლოყისა და საფეთქელ-ქვედა ყბის არეში ღია ჭრილობა.". - ამბობს ვაშაძე.
17 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გიორგი ვაშაძეს თავს დაესხნენ. ვაშაძე ამბობს, რომ ერთმა პირმა მას ბასრი სახრახნისი ზურგში დაარტყა, შემდეგ კი უკვე თავისა და ყელის არეშიც.
ვაშაძეს პირდაპირ ეთერში ცივი იარაღი ეჭირა, რომელიც, მისი თქმით, თავდამსხმელმა ძირს დააგდო.






