საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა პირდაპირ ეთერში არ გააშუქა.
"საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ვალდებულება აქვს უზრუნველყოს ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია და რომელიც ამტკიცებს, რომ არის დაბალანსებული და ობიექტური მედია, პირდაპირ ეთერში არ აშუქებს საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტისადმი მიმართვას; ეს ხდება ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისისა და უპრეცედენტო საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, იმ დროს, როცა გადასარჩენია ქვეყნის ევროპული მომავალი.
საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებით საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ არ ახდენს საზოგადოების სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმირებას", - ნათქვამია განცხადებაში.
საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯერჯერობით საპასუხო განცხადება არ გაუვრცელებია.
დღეს, 18 დეკემბერს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბიშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ მიიწვია.





