ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ლიტვამ ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების დამატებით 16 პოლიტიკოსი დაასანქცირა

ესტონეთის შემდეგ, ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები ლიტვამაც გააფართოვა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის თქმით, სანქციები ივანიშვილის დამატებით 17 პოლიტიკოსს, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს დაუწესდა. 

"ლიტვა გვერდში უდგას ქართველ ხალხსა და მათ ევროპული ოცნებას. ესტონეთთან კოორდინირებით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებულ ქართველი პოლიტიკოსების სია და დავუმატეთ კიდევ 17 პირი, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე. ჩვენ არ შევეგუებით მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობასა და ჩაგვრას. დროა ერთობლივად, ევროკავშირის დონეზე მოქმედებისთვის" – წერს ბუდრისი X-ზე.

2 დეკემბერს ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა სანქციები დაუწესეს საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ჩამხშობ პირებს. 

"ბალტიის სამი ქვეყანა ერთად შეთანხმდა, ეროვნული სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ პროტესტს ახშობს. დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებათა დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში არ მივესალმებით" - წერდნენ ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

საქართველოში, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - ივანიშვილის რეჟიმმა ევროინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად შეაჩერა.

ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა. 

მიუხედავად ამისა, ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.

 

კომენტარები