ევროპის კინოაკადემია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.
კინოაკადემია აღნიშნავს, რომ ჭიჭინაძის დაკავების ნაბიჯი "საქართველოს მთავრობის მხრიდან მშვიდობიანი აქციების ჩახშობისა და საზოგადოების დაშინების" ფართო ძალისხმევის ნაწილია და "საქართველოში გამოხატვის თავისუფლებასა და ხელოვანების უსაფრთხოებაზე" შეშფოთებას გამოხატავს.
ევროპის კინოაკადემია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს.
საჯარო პროტესტში მონაწილეობის შემდგომ 5 ნოემბერს ხუთი პირი, მათ შორის 28 წლის კინოსა და თეატრის მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, "ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების, წარმართვის, მათში მონაწილეობისა და საჯაროდ მოწოდების" ბრალდებით დააკავეს.
როგორც ჩანს, დაკავება მთავრობის მხრიდან მშვიდობიანი აქციების ჩახშობისა და საზოგადოების დაშინების უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, რაც საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და ხელოვანების უსაფრთხოების შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
ევროპის კინოაკადემია ანდრო ჭიჭინაძეს ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობაზე წუხს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს. მსოფლიოს გარშემო ყველა კინოსა და კულტურის ინსტიტუტს მოვუწოდებთ, იგივე გააკეთოს.
მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისსა და იმერეთის რეგიონში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 პირი დააკავეს. მათ შორის არიან სთენდაფერი ონისე ცხადაძე და მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. მათ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
9 დეკემბერს ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა თქვა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჭიჭინაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, სააპელაციოში გაასაჩივრეს. როგორც ადვოკატი ამბობს, დაცვის მხარე სასამართლოში გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.