13 დეკემბერს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) თავმჯდომარეობის სამეულმა (Troika), რომელიც ამჟამად მალტის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ფინეთისგან შედგება, საქართველოს შესახებ განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში ეუთო გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მთავრობის ძალადობრივ პასუხს და მოუწოდებს ხელისუფლებას მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ.
"ჩვენ, ეუთოს თავმჯდომარეობის სამეულის წევრები, ძლიერ ვგმობთ საქართველოს მთავრობის ძალადობრივ პასუხს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკოსების მშვიდობიან პროტესტზე, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული მომავლის მხარდასაჭერად დგანან. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მყისიერად შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკებისა და დაშინების გამოყენება, მათ შორის, უსაფუძვლო დაკავება და ფიზიკური ძალადობა.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები ქართველი ხალხისთვის, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ამ ვალდებულებებთან წინააღმდეგობრივად მიღებული კანონები უკან უნდა იყოს გაწვეული.
ყველა ბრალდება ძალადობაზე, საარჩევნო დარღვევასა და თავდასხმებზე დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების წინააღმდეგ, უნდა იყოს გამოძიებული დამაჯერებლად, და პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც პასუხისმგებელია ამ დანაშაულებზე.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაიცვას ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ჩვენი საერთო ეუთოს პრინციპებისა და ვალდებულებების შესაბამისად, როგორც ეს უკვე არის გაწერილი ჰელსინკის დასკვნით აქტსა და პარიზის ქარტიაში.
"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოიყენოს სხვადასხვა ინსტრუმენტები და ექსპერტიზა, რომელსაც ეუთო და მისი ინსტიტუტები სთავაზობს. სამეული მზად არის, ხელი შეუწყოს ნებისმიერი სახის მიმოცვლას ამ მიზნის მისაღწევად.
ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, როცა ისინი გამოხატავენ მათ მისწრაფებებს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი".
წერია ეუთოს სამეულის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





