რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

WSJ: ტრამპს სურს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ევროპელმა სამხედროებმა გააკონტროლონ

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ევროპაში გამართული ვიზიტიდან ირკვევა, რომ ტრამპის პოზიციით, უკრაინის მხარდაჭერის ძირითადი პასუხისმგებლობა ევროპას უნდა დაეკისროს. ეს ევროპული ქვეყნების მხრიდან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობისთვის ჯარისკაცების განლაგებას და რუსეთის შესაკავებლად შეიარაღების გაგზავნასაც მოიცავს.

7 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ემანუელ მაკრონს, უთხრა, რომ იგი არ ემხრობა NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას, თუმცა, სურს, რომ ბრძოლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინა ძლიერი და კარგად შეიარაღებული იყოს. აღნიშნულ ინფორმაციას WSJ შეხვედრაზე ინფორმირებულ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

მაღალჩინოსნების ინფორმაციით, ტრამპმა თქვა, რომ ევროპამ მთავარი როლი უნდა შეასრულოს უკრაინის დაცვასა და მხარდაჭერაში. მან ასევე დაამატა, რომ სურს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგისთვის ევროპულმა ქვეყნებმა სამხედროები უკრაინაში გაგზავნონ. ამასთანავე, მას არ გამოურიცხავს, ამ შეთანხმებისთვის აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერა, თუმცა, მაღალჩინოსნების თქმით, ეს მხარდაჭერა უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნას არ მოიცავს.

შეხვედრაზე ტრამპმა ასევე ისაუბრა ევროპელი ლიდერების გავლენის გამოყენებაზე, რათა ჩინეთზე წნეხის გაზრდით რუსეთი ომის დამთავრებაზე დათანხმდეს. ამისთვის ტრამპმა ტარიფების გამოყენებაც განიხილა, თუკი ჩინეთი უარს იტყვის მშვიდობიანი შეთანხმების ხელშეწყობაზე.

კომენტარები