ლარი დოლართან 1.85 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.99 თეთრით. 9 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7938 ლარია, ერთი ევროსი - 2.9564 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.84 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.01 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.80 ლარია, ევროსი - 2.97 ლარი.
აღსანიშნავია, რომ წინა კვირის ბოლო სამი ვაჭრობისას, ლარი გამყარდა. თუმცა, იქამდე, სამი დღის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა ევროსთან და დოლართან 13-13 თეთრით გაუფასურდა. ეს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესის 2028 წლის ბოლომდე შეჩერების და საპროტესტო აქციების ფონზე მოხდა.
5 დეკემბერს ირაკლი კობახიძეს ბრიფინგზე რადიო თავისუფლებამ ჰკითხა, რამ გამოიწვია ლარის გამყარება და ამისთვის ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვები ხომ არ გაუყიდია. კობახიძის თქმით, "რაიმე არსებითი ინტერვენციის საჭიროება არ ყოფილა, როგორც კი დასტაბილურდა პოლიტიკური ვითარება, მაშინვე ჩამოვიდა კურსი დაბლა".
"ეროვნული ბანკი სხვადასხვა ზომას იღებს, მარტო სავალუტო რეზერვების გაყიდვაზე არაა საუბარი, იღებს სხვადასხვა ზომას იმისთვის, რომ იზრუნოს კურსის სტაბილურობაზე და მადლობა კიდევ ერთხელ ეროვნულ ბანკს, პირადად ქალბატონ ნათია თურნავას ძალიან ეფექტიანი და ეფექტური მუშაობისთვის.
და მეორე, რა თქმა უნდა, საერთო პოლიტიკური ვითარება. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ წინა მოვლენები, როგორც კი კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობდა ქვეყანაში ვითარების არევას, იზრდებოდა ლარის კურსი, თუმცა, როგორც კი ეს მცდელობა ჩავარდებოდა, მაშინვე კურსი ჩამოდიოდა ქვემოთ" - თქვა კობახიძემ.





