ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჭიჭინაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, დღეს სააპელაციოში გაასაჩივრეს. როგორც ადვოკატი ამბობს, დაცვის მხარე სასამართლოში გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.
"ჩვენ ვნახეთ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოკლებულია ყველანაირ ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას. სასამართლომ გაითვალისწინა დაუსაბუთებელი შუამდგომლობა პროკურატურისა და ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა მსახიობი, პოლიტპატიმარი ანდრო ჭიჭინაძე. ჩვენ დღეს შევიტანეთ საჩივარი ამ საკითხთან დაკავშირებით და მოვითხოვეთ თავისუფლების აღკვეთისგან გათავისუფლება" - ამბობს მიგინეიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისსა და იმერეთის რეგიონში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 პირი დააკავეს. მათ შორის არიან სთენდაფერი ონისე ცხადაძე და მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. მათ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.