ლარი დოლართან 5.21 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 4.02 თეთრით. 6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7753 ლარია, ერთი ევროსი - 2.9365 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.84 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.02 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.81 ლარია, ევროსი - 2.97 ლარი.
ბოლო სამი ვაჭრობის შედეგად, ლარი მყარდება. თუმცა, იქამდე, სამი დღის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა ევროსთან და დოლართან 13-13 თეთრით გაუფასურდა. ეს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესის 2028 წლის ბოლომდე შეჩერების და საპროტესტო აქციების ფონზე მოხდა.
5 დეკემბერს ირაკლი კობახიძეს ბრიფინგზე რადიო თავისუფლებამ ჰკითხა, რამ გამოიწვია ლარის გამტარება და ამისთვის ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვები ხომ არ გაუყიდია. კობახიძის თქმით, "რაიმე არსებითი ინტერვენციის საჭიროება არ ყოფილა, როგორც კი დასტაბილურდა პოლიტიკური ვითარება, მაშინვე ჩამოვიდა კურსი დაბლა".
"ეროვნული ბანკი სხვადასხვა ზომას იღებს, მარტო სავალუტო რეზერვების გაყიდვაზე არაა საუბარი, იღებს სხვადასხვა ზომას იმისთვის, რომ იზრუნოს კურსის სტაბილურობაზე და მადლობა კიდევ ერთხელ ეროვნულ ბანკს, პირადად ქალბატონ ნათია თურნავას ძალიან ეფექტიანი და ეფექტური მუშაობისთვის.
და მეორე, რა თქმა უნდა, საერთო პოლიტიკური ვითარება. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ წინა მოვლენები, როგორც კი კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობდა ქვეყანაში ვითარების არევას, იზრდებოდა ლარის კურსი, თუმცა, როგორც კი ეს მცდელობა ჩავარდებოდა, მაშინვე კურსი ჩამოდიოდა ქვემოთ" - თქვა კობახიძემ.





