დღეს რეჟიმი რეპრესიების შემდგომ ეტაპზე გადავიდა - პარტიების ოფისების და აქტივისტების სახლების მასობრივი ჩხრეკა და დაკავებები ამაზრზენი ძალადობის თანხლებით.
ეს ერთადერთ რამეს ნიშნავს - რეჟიმი მიმდინარე პროტესტში სერიოზულ საფრთხეს ხედავს.
ამავე დროს ამ დღეების განმავლობაში დემონსტრაციების არაერთმა მონაწილემ გამოთქვა წუხილი ჩემთან საუბრისას, რომ პროტესტის მოთხოვნები მკაფიოდ არ არის არტიკულირებული.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ, მისი აზრით, პროტესტის ერთადერთი მოთხოვნა უნდა იყოს ხელახალი არჩევნები, რასაც მე და ჩემი პოლიტიკური გუნდი სრულად ვიზიარებთ.
თუმცა, იმავე მოქალაქეების მხრიდან ამ საკითხზეც არაერთი დამატებითი კითხვა მივიღე, თუ რა გზით მივდივართ ხელახალ არჩევნებამდე.
ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალე, მოკლედ ჩამომეყალიბებინა, თუ რა უნდა იყოს პროტესტის მოთხოვნები.
ამრიგად:
1. უნდა გათავისუფლდეს რუსული კანონის ინიცირებიდან დღემდე დაკავებული ყველა დემონსტრანტი.
2. უნდა გადადგნენ ივანიშვილის პრემიერმინისტრი (რაც ახალი მთავრობის დამტკიცების აუცილებლობას წარმოშობს), სუსის ხელმძღვანელი, და ცესკოს თავმჯდომარე.
არალეგიტიმური პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის ვერარჩევის შედეგად, კონსტიტუციის 56-ე მუხლის შესაბამისად პრეზიდენტი ნიშნავს ხელახალ არჩევნებს.
3. ხელახალი არჩევნების ჩატარებამდე პრეზიდენტის მიერ საზოგადოებასთან კონსულტაციების შედეგად შერჩეული პირები უნდა დაინიშნონ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სუსის, და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთა მოვალეობის შემსრულებლების პოზიციებზე.
და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მისაღწევად არსებობს ერთადერთი გზა: იმ საყოველთაო პროტესტის გაგრძელება და გაფართოება, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
ხვალ, 13:00 საათზე გვექნება ლაივი და ვუპასუხებთ ყველა კითხვას პროტესტის მოთხოვნებთან დაკავშირებით.