სახალხო დამცველის ცნობით, აქციაზე დაკავებულ მოქალაქეებს მძიმე დაზიანებები, უმრავლეს შემთხვევაში, სახის, თვალის და თავის მიდამოში აქვთ მიღებული. ლევან იოსელიანი და მისი რწმუნებულები მეხუთე დღეა ხვდებიან დაკავებულებს, რომელთა უმრავლესობაც პოლიციის მხრიდან უმძიმეს მოპყრობაზე მიუთითებს.
"დაზიანებები პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო, პროპორციულ ძალას იყენებდა. დაზიანებების ლოკაცია, ხასიათი, ხარისხი სარწმუნო წარმოდგენას ქმნის იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს.
დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს" - აცხადებს იოსელიანი.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ისინი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პერმანენტულად აწვდიან მოქალაქეთაგან მიღებულ და მედიით გავრცელებულ ინფორმაციას შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით.
"აპარატს ასევე ექნება შესაბამისი რეაგირება დაკავებული მოქალაქეებისთვის პირადი ნივთებისა და ტანსაცმლის ჩამორთმევის ფაქტებზე. სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებშიც აგრძელებენ ვიზიტებს და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს - საჯაროდ დაგმოს პოლიციის მხრიდან თითოეული ძალადობის ფაქტი და უზრუნველყოს ეფექტიანი ღონისძიებების გატარება, რათა აღიკვეთოს პოლიციელების მხრიდან ყოველგვარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები" - ნათქვამია განცხადებაში.
28 ნოემბერს ივანიშვილის რეჟიმმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესს. იმავე საღამოს, თბილისსა და სხვა ქალაქებში თვითორგანიზებული საპროტესტო აქციები დაიწყო. ხუთი დღეა, სპეცრაზმი ძალადობრივად არბევს დემონსტრაციებს და აკავებს მოქალაქეებს.