ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ყველაფერი დათვლილი გვაქვს და ყველაფერი იქნება კარგად - კობახიძე ეკონომიკაზე

"ყველაფერი დათვლილი გვაქვს და ყველაფერი იქნება კარგად, ეს არის მარტივი პასუხი, თქვენ გინდათ მოკლე პასუხი, ეს არის მოკლე პასუხი, გრძელი არ გინდოდათ, კი ბატონო, დაიტოვეთ მოკლე პასუხი" - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ BMG-ის ჟურნალისტის, თელარა გელანტიას კითხვას, თუ აქვს მთავარობას რისკები დათვლილი, 20 იანვრამდე [ტრამპის ინაუგურაცია] რამდენი მილიონით ან მილიარდით შეიძლება დაზარალდეს ქვეყნის ეკონომიკა ევროინტეგრაციის პროცესის გადადებაზე ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო.

იქამდე, ივანიშვილის პრემიერი ამბობდა, რომ "ნაცმაიდნის მოწყობის ოთხ მცდელობის" მიუხედავად, ქვეყანას ევროპაში ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდა აქვს.  

"თქვენ უარესზე ოცნებობთ, მე მინდა, გაოცნებოთ უკეთესზე... ჩვენ კი არ ვოცნებობთ, შედეგებს გეტყვით, რაც გვაქვს. მაცადეთ, გეტყვით... ჩაატარეთ ბრიფინგი მაშინ, კონკრეტულად გპასუხობთ და არ მაცდით. მართლა გაგიცვლით ადგილს და მე დავსვამ კითხვას და თქვენ უპასუხეთ, გინდათ?... 

მაპასუხებინეთ, ნუ მაწყვეტინებთ... ამ ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის, ნაცმაიდნის მოწყობის ოთხი მცდელობა... ამ ყველაფრის მიუხედავად ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, საშუალო ეკონომიკური ზრდა ამ ოთხი წლის განმავლობაში არის 9.8%... 

... ვინმემ შეგიზღუდათ კითხვის დასმა? მაგრამ ნუ მიზღუდავთ პასუხის გაცემას... მეცოდებით, ისე არ გსიამოვნებთ ჩემი პასუხი, რომ არ გინდათ, დამამთავრებინოთ" - მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა, ლარი დოლართან და ევროსთან 10-10 თეთრით გაუფასურდა, მათ შორის, 2 დეკემბერს -  6.84 და 6.19 თეთრით. ამასთან, ბოლო ვაჭრობის შედეგად ლარი ბაზარზე არსებულ ყველა, 43-ვე ვალუტასთან გაუფასურდა.

კომენტარები