საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია კომუნიკეს აქვეყნებს, რომელშიც ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების საწინააღმდეგო პროტესტებზე საუბრობს.
კომუნიკეში წერია, რომ ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სასტიკი ძალადობა აქციის მონაწილეებზე ეპარქიას "იძულებულს ხდის", რომ "წმინდა ქრისტიანული და ადამიანური ეთიკის ერთგულების გამო" ამ მოვლენების შესახებ ტკივილი საჯაროდ გამოხატოს.
"ის, რაც გასულ დღეებში ვიხილეთ, ძალადობრივი ფაქტები, თუ როგორი სიძულვილით უსწორდებიან ძალოვანი სტრუქტურების კონტროლდაკარგული თანამშრომლები ახალგაზრდებს, როგორი გავეშებით ურტყამს სახეში წაქცეულ მანიფესტანტს და პირდაპირი მნიშვნელობით "ძვლებში ამტვრევს" მას სამართალდამცავი, იძულებულს გვხდის არამხოლოდ აღვასრულოთ საეკლესიო წესები და ვილოცოთ ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის, არამედ წმინდა ქრისტიანული და ადამიანური ეთიკის ერთგულების გამო ჩვენი ტკივილიც საჯაროდ გავაზიაროთ საქართველოში მიმდინარე პროცესის შესახებ". - წერია კომუნიკეში.
განცხადების მიხედვით, ქართული ოცნება ხელისუფლებაში თავდაპირველად დემოკრატიული ღირებულებებით მოვიდა, ხანგრძლივი მმართველობის შემდეგ კი ავტორიტარული პოლიტიკა აირჩია და კონსტიტუციურად აღიარებული და გამყარებული კურსის შემაფერხებელია, რის გამოც ხალხი აღშფოთებულია. ეპარქია ხელისუფლებას მიმართავს, რომ "ქუჩაში ხალხი შემთხვევით არასდროს გამოდის, არც წინა ხელისუფლების დროს, ნოემბრის ცნობილი გამოსვლები იყო შემთხვევითი და არც დღევანდელი აღშფოთება".
"პარტია, რომელიც თავის დროზე ხალხის უმეტესმა ნაწილმა "დემოკრატიული ღირებულებების აღორძინების" დაპირების გამო აირჩია, არა მხოლოდ ულტრა-მემარჯვენე მიმართულების ხელისუფლებად ჩამოყალიბდა, არამედ ქვეყნის მომავლის, კონსტიტუციურად აღიარებული და გამყარებული კურსის შემაფერხებლადაც კი გვევლინება. როგორც ეს ჩვეულებრივ ახასიათებთ ხოლმე ხანგრძლივი დროით, უწყვეტად ხელისუფლებაში მყოფთ პარტიებს, რომლებმაც სრულიად სხვა დაპირებების გამო მოიპოვეს ნდობა და შემდეგ სხვა რამისთვის გამოიყენეს ძალაუფლება. კურსის ასეთი სახეცვლილება, პოლიტიკური სამართლიანობის განცდადაკარგულ საზოგადოებაში შიშს და ბრაზს ბადებს. ჩვენი ხალხი ყოველთვის გრძნობს, როდესაც დემოკრატიული იდეებით მოსული ხელისუფლება, ავტორიტარულ პოლიტიკას ირჩევს. ამის მწარე გამოცდილება გვაქვს. ახლაც მსგავსი საფრთხის წინაშე ვდგავართ - ხალხი აღშფოთებულია დაუცველობის განცდით. მმართველი პარტია კონსტიტუციური ნორმების საკუთარ თავზე მომრგებად წარმოჩნდება და დაანონსებული ღირებულებებისადმი ერთგულება მხოლოდ სიტყვებად დარჩა. რამაც, ბუნებრივია, მძიმე ვითარება შეიქმნა. ჩვენი მოვალეობაა შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ ქუჩაში ხალხი შემთხვევით არასდროს გამოდის, არც წინა ხელისუფლების დროს, ნოემრის ცნობილი გამოსვლები იყო შემთხვევითი და არც დღევანდელი აღშფოთება". - წერია კომუნიკეში.
როგორც ეპარქიის კომუნიკეში არის ნათქვამი, სამართლებრივ გზასა და კონსტრუქციულ დამოკიდებულებას ალტერნატივა არ გააჩნია. ეპარქია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ახალგაზრდებთან მოლაპარაკების მაგიდასთან ერთად დაჯდეს და ვითარების გამოსასწორებლად „რადიკალური ცვლილებები განახორციელოს“. განცხადების მიხედვით, თუ მხარეები ქვეყნის შიგნით შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, საგარეო აქტორები სიტუაციას ვერ გამოასწორებენ.
"კონსტრუქციულობა უალტერნატივოა! რა თქმა უნდა, თუკი ვინმეს ჩაფიქრებული არ აქვს სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებით, ქვეყნის საბოლოო ოკუპაციას გაუხსნას გზა და ეს "დაპირისპირებულობას" დააბრალოს, მის "ლოგიკურ" შედეგად წარმოაჩინოს.
მძიმე რეალობას ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ, სიტყვას დიდი ხანია ფასი დაეკარგა, მაგრამ ალტერნატივა არ აქვს სამართლებრივ ჩარჩოში დარჩენას.
დღევანდელი ხელისუფლებისათვისაც, თუ მას ამის რესურსი კიდევ დარჩა, მნიშვნელოვანი იქნებოდა მოუბრუნდეს ახალგაზრდებს და აუხსნას რატომ არ "ვრუსდებით", რატომ და როგორ გვსურს ევროპა თუნდაც 2030 წლისთვის.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოლაპარაკების მაგიდასთან ახალგაზრდებთან ერთად დაჯდეს, რათა განახორციელოს რადიკალური ცვლილებები არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად. თუ ჩვენ ქვეყნის შიგნით არ შევთანხმდით, საშველი ევროპული პოლიტიკის იმედი, ან მისი კრიტიკა ვერ იქნება. მითუმეტეს, რა თქმა უნდა, ვერც რუსეთის იმედი, ან გნებავთ "დათვზე ბაბაიას ძახილი"". - წერია კომუნიკეში
კომუნიკეში აღნიშნულია, რომ მსგავსი ვითარებებში ეკლესიას რთული როლი აქვს. ეპარქია ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას სხვადასხვა მიზნები აქვთ და ორივე პოლიტიკურ მხარეს მოუწოდებს, რომ პოლიტიკური ლეგიტიმურობის წყაროდ ეკლესია აღარ გამოიყენონ.
"რთულია ეკლესიის როლი მსგავს სიტუაციებში. ყველა ხელისუფლება ცდილობს ეკლესიის მხარდაჭერით პოზიციები გაიმყაროს. ეს ფაქტი ეკლესიისთვისაც დამაფიქრებელი უნდა იყოს. შევახსენებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს და შესაძლოა საზოგადოების ერთ ნაწილსაც, რომ უნდა დასრულდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის მიზნების აღრევა და ეკლესიის ინსტრუმენტალიზების მცდელობა. ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს საკუთარი ლეგიტიმურობის წყაროს ეკლესიაში ძიება. ჩვენ შეუმცდარნი არ ვართ, მაგრამ ყველა განსაცდელში ეკლესია იყო, არის და იქნება თავის ხალხთან. ეკლესია თავისი ბუნებით ასეთია, შემოიკრებს ხალხს (პოზიციაში იქნება ის, თუ ოპოზიციაში), და აერთიანებს მათ იესო ქრისტეში". - წერია კომუნიკეში.
ამასთან, განცხადების თანახმად, ეკლესია დაპირისპირებულ მხარეებთან, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებთან, "ჯანსაღ დიალოგში" უნდა შევიდეს. ეპარქია წერს, რომ ეკლესია ახალგაზრდებთან "გულწრფელ ურთიერთობებში" უნდა შევიდეს და ნებისმიერ სუბიექტთან კონსტრუქციული კომუნიკაცია დაამყაროს.
"ასევე - ეკლესია, როგორც მიმტევებელი და ჰუმანური ინსტიტუცია, ვალდებულია ჯანსაღ დიალოგში შევიდეს დაპირისპირებულ მხარეებთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან. ეკლესიას არ შეუძლია პოლიტიკური პოზიციონირება, მას არ აქვს ამის უფლება, ვინაიდან ეს საფრთხეს შეუქმნის ეკლესიის საყოველთაობის პერსპექტივას.
ეკლესია კვლავ უნდა დაადგეს იმ გზას, რომლითაც, შემოიკრიბა რა 70-იან, 80-იან წლებში საზოგადოების ერთი ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, დამოუკიდებლობის იდეისთვის სივრცე გააჩინა. მსგავსი გზის საჭიროებას ვგრძნობთ დღესაც, ახალგაზრდებთან და ნებისმიერ სუბიექტთან კონსტრუქციული კომუნიკაციით, ეკლესიამ უნდა გააჩინოს ქვეყნის მომავლისთვის მშვიდობიანი დიალოგის სივრცე და პერსპექტივა. [...] ის ჩვენს მომავალ თაობასთან, ახალგაზრდებთან უნდა შევიდეს გულწრფელ ურთიერთობებში". - წერია კომუნიკეში
გარდა ამისა, ეპარქია ხაზს უსვამს, რომ ეკლესიის საქმიანობა პოლიტიკისგან განსხვავებულია და მათი კომუნიკე პოლიტიკურ გზავნილს არ წარმოადგენს, არამედ ქრისტიანულ პრინციპებს ემსახურება. განცხადების თანახმად, მართალია, სასულიერო პირი ქვეყნის მოქალაქეც არის, თუმცა შემრიგებელიც არის და შეუწყნარებლობასა და ეგოცენტრულობას ამხელს.
"ეკლესია თავისი მისიით, შინაარსითა და საქმიანობით სრულიად სხვა ბუნებისაა ვიდრე პოლიტიკა, ამ სიტყვის ინსტიტუციონალურ-სეკულარული გაგებით, შესაბამისად ჩვენი განცხადება არანაირად არ წარმოადგენს პოლიტიკურ გზავნილს, არამედ ესაა მცდელობა ვემსახუროთ ქრისტიანულ, ჰუმანურ პრინციპებსა და ღირებულებებს. არ გვსურს მიკერძოებული ვიყოთ. [...]
სასულიერო პირი ქვეყნის მოქალაქეა, ცხადია მას აწუხებს თავისი სამშობლოს ღირებულებითი მომავალი. ამ საკითხზე გაგვიჭირდება თვალის დახუჭვა. მაგრამ შემრიგებელია, მომთმენია და მამხილებელი შეუწყნარებლობისა, ეგოცენტრულობისა, რომელიც ყოფს და არ ამთლიანებს. ის განასახიერებს ჯვარცმული ქრისტეს სახეს და არა რომელიმე პარტიულ მუშაკს, ჩინოვნიკს. ღმერთი არაა ადმინისტრატორი, არამედ უმაღლესი, ხორცშესხმული სიყვარული". - წერია განცხადებაში.
ეპარქია მოსახლეობას მოუწოდებს, "დიდსულოვნება და თავმდაბლობა" შეინარჩუნოს და ხაზს უსვამს, რომ "რევანში შობს რევანშს, ისე, როგორც ძალადობა შორს ძალადობას".
კომუნიკეში ასევე აღნიშნულია, რომ "მშვიდობისთვის, უკან უნდა იქნეს გაწვეული საკონსტიტუციო ნორმის აღსრულების გადავადების პოლიტიკა, როგორც არასამართლებრივი ქცევა და დამაზიანებელი თვითშემოქმედება".
ამასთან, ეპარქია აღნიშნავს, რომ ილიას ფრაზა, "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს" უმოკავშირეოდ დარჩენას, ან მტრის გაღიზიანებას არ გულისხმობს.
""ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნოდეს“ - არ ნიშნავს უმოკავშირეოდ დარჩენას, არც მტრის გაღიზიანებას. ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია ყოველმა მხარემ მოუსმინოს ერთმანეთს, ქვეყნისათვის სასარგებლო შედეგების მისაღწევად. ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული თავისუფალი საზოგადოებისა და მისი მომავლის შესაქმნელად". - წერია კომუნიკეში.





