ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ქართული ოცნების ეს რადიკალური ნაბიჯი რუსეთის ინტერესს ემსახურება – დუდა

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ვარშავა, 2024 წლის 1 ოქტომბერი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. სატელეფონო კავშირის შესახებ ცნობა პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა

როგორც განცხადებიდან ჩანს, პოლონეთის პრეზიდენტი თვლის, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

"პრეზიდენტი ანდჟეი დუდა გამუდმებით უჭერდა მხარს ქართველი ხალხის მრავალხნის მისწრაფებას, გამხდარიყვნენ ევროკავშირის ნაწილი.  ეს მიზანი ჩაბეჭდილია საქართველოს კონსტიტუციაში და ყველა გამოკითხვის მიხედვით, მხარს უჭერს საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა. თბილის მთავრობის გადაწყვეტილება, სრულად შეჩერებულიყო გაწევრიანების მოლაპარაკებები, რაც დე ფაქტოდ ევროკავშირთან ურთიერთობის გაყინვას ნიშნავს, არის ძალიან საზიანო დარტყმა ამ მისწრაფებებისადმი და აყენებს სერიოზულ ზიანს როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირს. ეს რადიკალური ნაბიჯი, რომელიც ცხადად ემსახურება რუსეთის ინტერესს, წინააღმდეგობაშია ქართული ოცნების წინასაარჩევნო განცხადებებთან, შესაბამისად, საარჩევნო გაყალბებას წააგავს. ეს მოითხოვს საქართველოში ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ეჭვის დეტალურ გამოძიებას." – წერია განცხადებაში.

ამას გარდა პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას ხელახალი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს.

"მიმდინარე დემონსტრაციების უპრეცედენტო მასშტაბი, ასევე საჯარო პროტესტი საქართველოს ადმინისტრაციის მრავალი წარმომადგენლის მხრიდან არის დასტური ქართველ ხალხში მთავრობის გადაწყვეტილებისადმი ღრმა იმედგაცრუებისა და შეშფოთების. ამას გარდა, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნების უზარმაზარი მიზანდასახულობის ჩვენება. ამავდროულად, მედიის ინფორმაცია პროტესტების დაუნდობლად ჩახშობის შესახებ და სისხლისღვრის საფრთხის ზრდა საქართველოში მომავალი მოვლენების განვითარებაზე დიდ შეშფოთებას იწვევს. შესაბამისად, პრეზიდენტი ანდჟეი დუდა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოიჩინოს თავშეკავება და წინდახედულობა, მოუსმინოს საკუთარი მოქალაქეების ხმას და უარი თქვას მათ ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებზე, გამოავლინონ მზაობა ბოლოდროინდელი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ეჭვების გასაცხადებლად და მზადყოფნა, დანიშნონ ახალი არჩევნები, რომელიც ეჭვებისგან თავისუფალი იქნება." - წერია განცხადებაში.

"საქართველოს ადგილი ერთიან ევროპაშია." - ნათქვამია პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები