საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ამ დროისთვის (23:30 სთ) თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციები "ატარებს მშვიდობიან ხასიათს და არ არსებობს შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი".
"განსაკუთრებით საყურადღებოა თბილისში ჭიჭინაძის ქუჩაზე საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და საპოლიციო ძალების დიდი კონცენტრაცია. მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა ორგანოებმა გაითვალისწინონ, რომ როდესაც კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა აზრისა თუ პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად, შესაბამისმა ორგანოებმა შემწყნარებლობის სათანადო ხარისხი უნდა გამოავლინოს. აღნიშნული სტანდარტი დაცული უნდა იყოს ყველა შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის კონკრეტული შეზღუდვის დაწესების მიზეზი.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციებზე არ ჩაერიოს შეკრების თავისუფლების განხორციელებაში. ასევე უზრუნველყოს ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემო. სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, პროტესტი განაგრძონ მშვიდობიანად" - წერია განცხადებაში.
შინაგანს საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, აქციის მონაწილეების მხრიდან "სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად" შსს-ს ერთი თანამშრომელი დაშავდა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს "თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან".
ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.
ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა.
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.
პრეზიდენტმა ამ განცხადების შემდეგ დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა.
ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა.
დედაქალაქში მოქალაქეები ქართული ოცნების ოფისთან და საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით, ოცნების ოფისთან შეკრებილებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.
აქციას შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილმა სპეცრაზმსაც მიმართა.





