რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინელმა დეპუტატმა ზელენსკის პარტიიდან ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Evan Vucci/AP

გამოცემა Kyiv Independent-ის ინფორმაციით, უკრაინელმა დეპუტატმა ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიიდან, ოლექსანდრ მერეჟკომ, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2025 წლის ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა 26 ნოემბერს ნორვეგიის ნობელის კომიტეტის მიერ მიღებულ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ჩემი რწმენაა, რომ ტრამპმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიო მშვიდობის დამყარებაში და რომ მას მეტიც შეუძლია მომავალში". - წერს წერილში მერეჟკო, რომელიც ზელენსკის პარტია "ხალხის მსახურის" წევრი და უკრაინის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა.

წერილში მერეჟკომ ასევე ისრაელსა და მუსლიმურ ქვეყნებს შორის შეთანხმების დადებაში ტრამპის შუამდგომლობა ახსენა.

"ტრამპმა ასევე საფუძველი ჩაუყარა დღევანდელ უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო კოალიციას, [უკრაინისთვის] შეიარაღების მიწოდების მეშვეობით გლობალური ლიდერობის ჩვენებით, რათა რუსეთის სასტიკ და არალეგალურ აგრესიის ომს წინააღმდეგობა გავუწიოთ". - დაამატა მერეჟკომ, რაშიც მან, სავარაუდოდ, ტრამპის პირველი ვადის დროს უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო Javelin-ის რაკეტების მიწოდება იგულისხმა.

მერეჟკომ გამოხატა იმედი, რომ "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შეჩერების მცდელობების ფარგლებში, [ტრამპი] შეეცდება, საერთაშორისო სამართალზე, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემისა და ძალის არგამოყენების პრინციპებზე, დაყრდნობით იპოვოს გამოსავალი".

ამასთანავე, წერილში მერეჟკო წერს, რომ ტრამპს შეუძლია, გაეროს ქარტიასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით, უკრაინას "სამართლიანი, ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობის" მოპოვებაში დაეხმაროს.

კომენტარები