გამოცემა Bloomberg საკითხში გარკვეულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უკრაინას დამატებით ათეულობით Storm Shadow-ს რაკეტები მიაწოდა, რაც პრემიერმინისტრი კირ სტარმერის მმართველობის ფარგლებში პირველი მსგავსი გადაწყვეტილებაა.
ანონიმური წყაროების ცნობით, რაკეტების მიწოდება, რომელიც საჯაროდ არ გამოცხადებულა, რამდენიმე კვირის წინ მოხდა და ბრძანება მას შემდეგ გაიცა, რაც უკრაინას შორი რადიუსის რაკეტების მარაგი შეუმცირდა.
ამასთანავე, Bloomberg-ის ინფორმაციით, Storm Shadow-ს რაკეტების უკრაინაში გაგზავნა მანამდე მოხდა, სანამ აშშ და გაერთიანებული სამეფო უკრაინას რუსეთის სიღრმეში შორი რადიუსის რაკეტებით იერიშების მიტანაზე შეზღუდვას მოუხსნიდა.
Bloomberg-თან, ოპერაციული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ როდის ჩავიდა რაკეტები უკრაინაში ან რა რაოდენობით მოხდა მათი მიწოდება.
"ჩვენ კომენტარებს არ ვაკეთებთ ოპერაციასთან დაკავშირებულ დეტალებზე, ასე მოქცევა სარგებელს მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მოუტანს". - უპასუხა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოცემის კითხვას და დაამატა, რომ გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მტკიცეა.
17 ნოემბერს გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.
მედიაში გავრცელებული ცნობები მალევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დასავლეთ ნახევარსფეროს საკითხებში, ბრაიენ ა. ნიკოლსმა, დიდი ოცეულის (G20) სამიტზე დაადასტურა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ნოემბერს მედიაში გავრცელებულ ცნობებს მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "დარტყმების მიტანა სიტყვებით არ ხდება. ასეთ რაღაცებს წინასწარ არ აცხადებენ. რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან".
ბაიდენის გადაწყვეტილების შემდეგ, 19 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განახლებულ ბირთვულ დოქტრინას მოაწერა ხელი, რომლითაც რუსეთმა საპასუხო ბირთვულ დარტყმაზე ზღვარი დაწია და რუსეთის მხრიდან პასუხის პოტენციური მიზეზების სიაში სტანდარტული სახის დარტყმებიც შეიტანა.
ამავე დღეს უკრაინამ ამერიკული ATACMS-ის ტიპის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო ობიექტი დაბომბა. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთმა გაშვებული 8 რაკეტიდან მხოლოდ 2-ის ჩამოგდება შეძლო, ხოლო დარტყმა საბრძოლო მასალების მომმარაგებელ საკვანძო პუნქტზე იყო მიტანილი.
21 ნოემბრის დილას რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიშის დროს, სხვადასხვა ტიპის რაკეტებთან ერთად, კონტინენტთაშორისი ბალისტიკურ რაკეტა პირველად გამოიყენა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა იერიშის დროს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა РС-26 Рубеж, შვიდი Х-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა და Х-47М2 Кинжал-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. მათივე ცნობით, საჰაერო იერიში ასტრახანის ოლქიდან განხორციელდა.
რაკეტების სამიზნე ქალაქ დნეპრში მდებარე საწარმოები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო. უკრაინის საჰაერო ძალებმა, ექვსი ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება შეძლეს.
20 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ცნობებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო სამიზნეებზე პირველად მიიტანა იერიში ბრიტანული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებით.
რას ნიშნავს უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების რუსეთში გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა