კოალიცია ძლიერი საქართველო საპარლამენტო სიების ჩახსნასთან დაკავშირებით, განცხადებას ხვალ, 26 ნოემბერს გააკეთებს. ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
"ჩვენი შეთავაზება, რომ 4-მა პარტიამ ნაბიჯი ერთობლივად გადავდგათ და ვთქვათ, რომ ჩვენ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ ვანიჭებთ, რაც სიების ჩახსნასა და მანდატებზე უარის თქმას ნიშნავს, ძალაშია [...] თუმცა, რადგან ეს პროცესი დაიწყო, ხვალ ჩვენც შესაბამის, ოფიციალურ პოზიციას დავაფიქსირებთ. მე მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, მაგრამ ერთი რამ ცხადია - მით უმეტეს, დღევანდელი დღის შემდეგ, მე ვერ წარმომიდგენია, რომ არსებობს ოპოზიციური ძალა, რომელშიც ვინმე თეორიულად მაინც დაუშვებს პარლამენტში შესვლას". - თქვა სამადაშვილმა TV პირველის ეთერში.
დღეს, 25 ნოემბერს, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა თქვეს, რომ მათ საპარლამენტო სიის ჩახსნის თაობაზე ცესკო-ს უკვე მიმართეს, ხოლო პროცედურულად შემდეგი ნაბიჯია ინდივიდუალური განცხადებები მანდატის ჩახსნასთან დაკავშირებით.
ასევე, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტაზე, საკანონმდებლო ორგანოს ინდივიდუალურად უკვე მიმართა.
დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს მე-11 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. ერთპარტიულმა პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.





