ისრაელელი მაღალი თანამდებობის პირის თქმით, ხვალ ისრაელის ხელისუფლება შეიკრიბება და ჰეზბოლასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდება. ამასთან, ორი ლიბანელი თანამდებობის პირის თქმით, ვაშინგტონმა ბეირუთს შეატყობინა, რომ შეთანხმება, შესაძლოა, "მომდევნო საათებში" გამოცხადდეს.
ისრაელელი თანამდებობის პირები აღნიშნავდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ახლოს იყო, თუმცა, გარკვეულ დეტალებზე საუბარი კვლავ მიმდინარეობდა. ლიბანური მხარე კი შეთანხმების შესახებ ოპტიმიზმს გამოთქვამდა.
ისრაელური მედიის ცნობით, ქვეყნის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ცეცხლის შეწყვეტისკენ IDF-მა მოუწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ პრემიერს უთხრეს, რომ არმიამ დასახულ მიზნებს მიაღწია.
მანამდე, ჰეზბოლამ ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, რაც ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა. იერიშის შედეგად ისრაელში 11 ადამიანი დაშავდა.
დღეს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ლიბანში 25 სამიზნე ობიექტი დაიბომბა, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას წევრები იყენებდნენ. არმიის სამიზნე, მათ შორის, ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი იყო.